სომხეთი ეძებს ახალ პარტნიორებს, რადგან მოსკოვმა ვერ შეასრულა ნაკისრი ვალდებულებები. ფაშინიანი

სომხეთი ეძებს ახალ პარტნიორებს, რადგან მოსკოვმა ვერ შეასრულა სამეკავშირეო ვალდებულებები, განსაკუთრებით მთიან ყარაბაღზე აზერბაიჯანის კონტროლის დამყარებისას, WSJ-ს განუცხადა პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა.
„ამ მოვლენებმა მიგვიყვანა გადაწყვეტილებამდე, რომ უსაფრთხოების სფეროში ჩვენი ურთიერთობების დივერსიფიკაცია უნდა მოხდეს და ახლა ამას ვცდილობთ“, – განაცხადა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა და დასძინა, რომ ამავე მიზეზით ვერ ხედავს რაიმე უპირატესობას სომხეთში რუსული სამხედრო ბაზის არსებობის პირობებში.
ამერიკული პერიოდული გამოცემა აღნიშნავს, რომ „მძიმე ვითარება, რომელშიც სომხეთი აღმოჩნდა, სულ უფრო აწუხებს შეერთებულ შტატებსა და დასავლელ მოკავშირეებს“.
„ევრაზიის მასშტაბით გადაჭიმული არასტაბილურობის გრძელ ხაზში, რეგიონში, როგორც ჩანს, კიდევ ერთი ფეთქებსაშიში წერტილი არსებობს“, წერს WSJ და დასძენს, „ვაშინგტონსა და ევროპის დედაქალაქებში მზარდი შეშფოთებაა, რომ აზერბაიჯანმა, თურქეთის მხარდაჭერითა და რუსეთის თანამონაწილეობით, უახლოეს თვეებში შესაძლოა სცადოს სომხეთის ან მისი ნაწილის ხელში ჩაგდება, რომელიც ქმნის სახმელეთო ხიდს აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის. ამავდროულად, შემაშფოთებელია ის, რომ რუსეთმა შესაძლოა დაგეგმოს გადატრიალება სომხეთის ლიდერის გადაყენების მიზნით“.
ამერიკული პერიოდული გამოცემა იხსენებს, რომ ბოლო კვირების განმავლობაში მოსკოვმა საჯარო საყვედურები და მუქარები დაიწყო მას შემდეგ, რაც სომხეთმა რომის სტატუტის რატიფიცირება მოახდინა, ხოლო პრემიერ-მინისტრმა გააკრიტიკა რუსეთის უმოქმედობა ევროპარლამენტში სომხეთისა და არცახის სომხების უსაფრთხოების დაცვის საქმეში.
კითხვაზე, აწუხებს თუ არა მას მსგავსი განცხადებები და ეშინია თუ არა, რომ მოსკოვმა ის გადააყენოს, ფაშინიანმა აღშფოთება არ დაუმალა.
„ასეთი მიდგომა არღვევს ბევრ წესს, დაწყებული ერთმანეთის საშინაო საქმეებში ჩაურევლობით და დიპლომატიური კორექტულობით“, – განაცხადა მან.
მიუხედავად იმისა, რომ დღეს ცნობილი გახდა, რომ აზერბაიჯანმა თვის ბოლოს ბრიუსელში დაგეგმილ შეხვედრაზე უარი თქვა, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა დაადასტურა, რომ ოპტიმისტურად არის განწყობილი უახლოეს თვეებში აზერბაიჯანთან სამშვიდობო ხელშეკრულების დადების საკითხში.
„რეგიონის მომავალი უნდა იყოს დიდი ხნით ჩაკეტილი საზღვრებისა და სავაჭრო გზების გახსნა, მათ შორის თურქეთ-აზერბაიჯანის დამაკავშირებელი გზის გახსნა, თუ ის პატივს სცემს სომხეთის სუვერენიტეტს. უსაფრთხოება მიღწეული უნდა იყოს არა მხოლოდ არმიით, არამედ რეგიონული მშვიდობით“, – განაცხადა მან.
რუსეთთან სომხეთის ისტორიული ურთიერთობების შესახებ კითხვაზე პასუხის გაცემისას, ფაშინიანმა მოუწოდა, სანაცვლოდ ფოკუსირება მოახდინონ „სომხეთის ბევრად უფრო ხანგრძლივ ისტორიაზე მის თურქ მეზობლებთან, თურქეთთან და აზერბაიჯანთან“.
”აქ არის ყველა კითხვა და აქ არის ყველა კითხვაზე პასუხი”, – თქვა ფაშინიანმა და დასძინა: – „პირველ რიგში უნდა ვიმუშაოთ ჩვენი რეგიონალური ურთიერთობების გასაუმჯობესებლად.
უფრო მეტიც, ფაშინიანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ერევნის ძალისხმევა უსაფრთხოების ურთიერთობების დივერსიფიკაციისა და ახალი მოკავშირეების პოვნისკენ უნდა განიხილებოდეს არა მხოლოდ როგორც დასავლური ბაზებისა და იარაღის მოთხოვნა, არამედ როგორც მისწრაფება რეგიონში სტაბილური მშვიდობისაკენ.