მოსამართლემ გათიშა სააკაშვილის ჩართვა, რომელშიც პოლიტიკურ საკითხებზე საუბრობდა

,,Netgazeti.ge” წერს, რომ მოსამართლე ბადრი კოჭლამაზაშვილმა დაახლოებით 14-წუთიანი გამოსვლის შემდეგ გათიშა მიხეილ სააკაშვილის პირდაპირი ჩართვა „ვივამედიდან“.
მოსამართლემ აღნიშნა, რომ სააკაშვილი პოლიტიკურ მიმომხილველად არ არის მოწვეული — ბრალდებულია და საქმესთან შემხებლობაში უნდა ისაუბროს.
მოსამართლემ პროცესიდან გააძევა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი გია ბარამიძე, რომელმაც სააკაშვილის ჩართვის გაწყვეტა გააპროტესტა.
სააკაშვილის ადვოკატებმა დააყენეს ბადრი კოჭლამაზაშვილის აცილების საკითხი, თუმცა მოსამართლემ შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.
სასამართლოზე, სადაც სააკაშვილის წინააღმდეგ გაფლანგვის ბრალდებას განიხილავენ, ექსპრეზიდენტმა არაერთ მიმდინარე საკითხზე ისაუბრა. მისი მტკიცებით, საქართველოში შემოსულია შეიარაღებული დივერსიული ჯგუფი, რომელსაც კურირებს რუსეთის არმიის პირველი მთავარი სამმართველო. სააკაშვილი ირწმუნება, რომ დივერსიული ჯგუფს ევალება არეულობის პირობებში „ხელისუფლების ხელში აღება და ქვეყნის დესტაბილიზაცია“.
„მე მინდა, შევქმნათ სამოქალაქო თავდაცვის ცხელი ხაზი, სადაც ხალხი დარეკავს და შეგვატყობინებს მათი ანტიქართული გამოხდომების შესახებ“, — თქვა სააკაშვილმა სასამართლო პროცესზე, რომელიც მიმდინარეობს დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების ჯგუფურად გაფლანგვის საქმეზე.
მოსამართლე ბადრი კოჭლამაზაშვილმა სიტყვის მიცემამდე გააფრთხილა სააკაშვილი, ესაუბრა საქმის ირგვლივ, თუმცა ექსპრეზიდენტი გამოეხმაურა მსოფლიოში მიმდინარე პროცესებს და თქვა, რომ ყველაფერი ეს შემხებლობაშია მის წინააღმდეგ პოლიტიკურად მოტივირებულ საქმესთან.
„რა საერთოა პრეზიდენტ იუშჩენკოს, პრეზიდენტ კაჩინსკის, ვაცლავ ჰაველს და ორ რუს ოპოზიციონერ ჟურნალისტს შორის, რომელიც მე ჩამოვიყვანე და მსუბუქი ყოფაქცევის ქალებად მოიხსენიეს პროკურორებმა? — ყველანი ისინი ძალიან აღიზიანებენ ვლადიმერ პუტინს. ხარჯებს რაც შეეხება, ხეების და ბაობაბების გადმოტანაზე უფრო მეტი სახელმწიფო ფული დაიხარჯა, ვიდრე 9 წელიწადში საქართველოს პრეზიდენტის მიერ საგარეო და საშინაო პოლიტიკის გატარებისთვის. დაცინვაა ის, რაზეც აქ არის საუბარი“, — განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
სააკაშვილის თქმით, ამ საქმეში ყოფილმა გენერალურმა პროკურორმა ოთარ ფარცხალაძემ შეარჩია რუსეთის მტრების სახელები და გვარები.
„თავის დროზე მთავაზობდნენ, რომ ვალერი ხაბურძანია დამენიშნა უშიშროების მინისტრად და მაშინ მე ხელს არ დამაკარებდნენ, მერე ამათ დანიშნეს ფარცხალაძე გენპროკურორად და მშვენივრად მონახეს საერთო ენა [რუსეთთან]“, — თქვა სააკაშვილმა.
ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებთან დაკავშირებით მიხეილ სააკაშვილმა ხაზი გაუსვა, რომ მიმდინარეობს მთავარი თემებიდან ყურადღების გადატანა და ამ მიზნით იყო „შემოგდებული“ პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხი, ისევე როგორც ახლა ოპოზიციას შორის მიმდინარე დავა ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსზე.
„პრობლემა ევროკავშირის სტატუსში სხვა ოპოზიციონერები კი არ არიან, პრობლემა ისაა, რომ ქვეყანაში არის ოლიგარქია, ქვეყანაში ყარს, არის კორუფცია და ევროკავშირს უხდება ცხვირის მოჭერა, სიმყრალის არშემჩნევა და ასე მოცემა სტატუსის. მაგრამ ეს პრობლემები არსად არ წავა“, — დასძინა სააკაშვილმა.
სააკაშვილმა აღნიშნა, რომ „ქართული ოცნება“ 2024 წლის არჩევნების გაყალბებისთვის ემზადება, რაც არ უნდა დავუშვათ.
„დღეს საქართველო უფრო დაუცველია, ვიდრე ოდესმე. ჩემი ამოცანაა, როგორ სუსტადაც არ უნდა ვიყო, არ მოვკვდე. მტრის ჯინაზე არ მოვკვდები“, — დასძინა სააკაშვილმა.
მან თქვა, რომ არ იცნობს, თუმცა მადლობა გადაუხადა ლაზარე გრიგორიადისს „ყველაფრისთვის, რაც გააკეთა“, და ყოფილ ძალოვან ლექსო რაფავას, რომელიც სააკაშვილის თქმით, მის გამო ზის ციხეში.
ექსპრეზიდენტი გამოეხმაურა ახლო აღმოსავლეთის კრიზისსაც და თქვა, რომ ეს არის „შავის და თეთრის, ცივილიზებული სამყაროს და სიბნელის ბრძოლა“.
საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის საქმეზე შემდეგი პროცესი 20 ნოემბერს, 12:00 სთ-ზე ჩაინიშნა.