ისრაელის დანაშაულების გამოყენებით და ირანთან კონკურენციით ერდოღანი ცდილობს გააძლიეროს თავისი ავტორიტეტი მუსულმანურ სამყაროში – ექსპერტი

რამდენად სავარაუდოა, რომ ირანის მიერ მხარდაჭერილი „ჰეზბოლა“ ჩაერთვება ისრაელსა და პალესტინას შორის მიმდინარე ომში? თემაზე Araratnews.am-ი რეგიონულ საკითხებში ექსპერტ არმენ პეტროსიანს ესაუბრა.
ექსპერტის შეფასებით, არამასშტაბიანი თავდასხმები ისრაელის წინააღმდეგ მიმდინარეობს ლიბანის ტერიტორიიდან და, რა თქმა უნდა, „ჰეზბოლას“ საპასუხოდ. აქ არის ტაქტიკური პრობლემა იმის გაგებაში, თუ რამდენად გაფართოვდება ეს კონფლიქტი, გავიაზროთ მისი გაფართოების შესაძლებლობები და მისი მძიმე შედეგები მთელი რეგიონისთვის.
„ისრაელსაც და მის მოკავშირეებსაც, ასევე მოწინააღმდეგეებსაც ირანის სახით, კარგად ესმით, ღირს თუ არა ომის მასშტაბების გაფართოება და ამასობაში შემდგომი ტაქტიკური ნაბიჯების განვითარებას ცდილობენ. მაგალითად, ირანი ყველანაირად ცდილობს თავიდან აიცილოს ფართომასშტაბიანი ომი, მაგრამ ვხედავთ, რომ პარალელურად ისრაელი ცდილობს ამ ომის დროს ყველა შესაძლო საშიშროების განეიტრალებას, ანუ, ერთის მხრივ, ახორციელებს ოპერაციას ღაზაში, მეორე მხრივ, ცდილობს თავიდან აიცილოს „ჰეზბოლას“ თავდასხმა. პროგნოზი ასეთია: თუ ჰამასის საკითხები მოგვარდება, მაშინ ისრაელის მხარე ასევე შეეცდება ოპერაციების განხორციელებას მეზობელ ქვეყნებში ირანის მიერ დაფინანსებული სხვა სტრუქტურების წინააღმდეგაც. ანუ არის შესაძლებლობა, რომ „ჰეზბოლა“ ჩაერთოს, მაგრამ ეს გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის და დიდწილად განპირობებულია ირანის პოზიციით და ირან-დასავლეთის ურთიერთობებით“, – განაცხადა არმენ პეტროსიანმა.
რაც შეეხება თურქეთის პრეზიდენტის ბრალდებას ისრაელის წინააღმდეგ რელიგიური ომის პროვოცირებაში, პეტროსიანი თვლის, რომ თურქეთი ყოველთვის იყო პალესტინის ერთ-ერთი მთავარი მოკავშირე და შემდეგი ესკალაცია კარგი შესაძლებლობაა ერდოღანისთვის, რათა სცადოს ისრაელის დანაშაულები გამოიყენოს თავისი ავტორიტეტის გასაძლიერებლად მთელი მუსულმანური სამყაროს წინაშე.
„ჩვენ ვხედავთ, რომ ირანი, რომელიც თურქეთის მეტოქეა, ბოლო პერიოდში ძალიან აქტიური იყო ამ მიმართულებით. თურქეთი ცდილობს ისარგებლოს შექმნილი სიტუაციით, ძირითადად ფორმალური ნაბიჯებით, რათა გააძლიეროს თავისი ავტორიტეტი ისლამურ და მუსულმანურ სამყაროში“, – დაასკვნა ექსპერტი.