
სომხეთისთვის მნიშვნელოვანია რუსეთთან სავაჭრო ურთიერთობები, მაგრამ ქვეყნის მთავრობა პარალელურად ცდილობს საგარეო ეკონომიკური ურთიერთობების დივერსიფიკაციას სხვა მიმართულებითაც.
ამის შესახებ სომხეთის ეკონომიკის მინისტრმა ვაჰან ქერობიანმა ეროვნულ ასამბლეაში ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა.
„Armenpress“-ის შეკითხვაზე ზედა ლარსის გამშვებ პუნქტზე კონიაკის ექსპორტის შეზღუდვის შესახებ მინისტრმა განაცხადა, რომ სხვადასხვა მიმართულებით სავაჭრო ოპერაციები ჩვეულ რეჟიმში მიმდინარეობს.
“პრობლემა, რომელიც რამდენიმე დღის განმავლობაში არსებობდა, მოგვარებულია”, – თქვა კერობიანმა.
მისივე თქმით, ზოგიერთი კომპანია ბორნით გადიოდა ექსპორტზე და ამ მიმართულებით არანაირი პრობლემა არ ყოფილა.
მინისტრი სომხეთიდან რუსეთში ექსპორტის პროცესში დაბრკოლებებს ვერ ხედავს.
„რუსეთთან სავაჭრო ურთიერთობები ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია და ჩვენ მათ ვავითარებთ. მაგრამ ჩვენ ასევე ვხარჯავთ მნიშვნელოვან ძალისხმევას, რესურსებს და დროს ჩვენი საგარეო ეკონომიკური ურთიერთობების დივერსიფიკაციისთვის სხვა მიმართულებითაც“, – განაცხადა კერობიანმა.
მინისტრის თქმით, ამ მიმართულებითაც არის გარკვეული წარმატებები. მაგალითად, არაბთა გაერთიანებულ საემიროებთან ორმხრივი ვაჭრობა ბოლო 2-3 წელიწადში ათჯერ გაიზარდა, ბრუნვა უკვე 1 მილიარდ დოლარს აჭარბებს. მინისტრი მიიჩნევს, რომ ეს მოცულობა 1.5- 2 მილიარდ დოლარს მიაღწევს. ეკონომიკის მინისტრმა დაარწმუნა, რომ მნიშვნელოვანია არსებული ბიზნეს კავშირების გაძლიერება და განვითარება.
მთავრობა დიდ პოტენციალს სხვა მიმართულებითაც ხედავს. „ჩვენ ძალიან ახლოს ვართ გერმანიასთან და აშშ-სთან 1 მილიარდი დოლარის ორმხრივი სავაჭრო ბრუნვის ზღვარის გადალახვასთან, საფრანგეთთან სავაჭრო ბრუნვა საგრძნობლად იზრდება“, – განაცხადა კერობიანმა.
ნოემბერში სომხეთი მონაწილეობას მიიღებს ჩინეთის უდიდეს საერთაშორისო გამოფენაში დიდი პავილიონით შანხაიში. წარმოდგენილი იქნება 20-ზე მეტი კომპანია. თებერვალში სომხეთი მიიღებს მონაწილეობას არაბთა გაერთიანებულ საემიროებში გამართულ ყველაზე დიდ საერთაშორისო გამოფენაში. „ზოგადად, ჩვენ მნიშვნელოვნად გავამრავალფეროვნეთ მონაწილეობა რეგიონულ გამოფენებში“, – განაცხადა მან.