
სამხრეთ კავკასიაში სტაბილური მშვიდობის დამყარება ევროკავშირის ერთ-ერთი მთავარი მიზანია.
როგორც იუწყება Armenpress-ი, ამის შესახებ განაცხადა სომხეთში ევროკავშირის დელეგაციის ხელმძღვანელმა ვასილის მარაგოსმა.
„ოქტომბრის დასაწყისში გრანადაში გამართული ევროპის პოლიტიკური თანამეგობრობის სამიტის ფარგლებში, ევროკავშირმა კიდევ ერთხელ დაგმო აზერბაიჯანის სამხედრო ქმედება მთიანი ყარაბაღის სომხების წინააღმდეგ და ხაზი გაუსვა სომხეთისა და აზერბაიჯანის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემის აუცილებლობას. ჩვენ ვრჩებით ამ ძალისხმევის ერთგული. მთიანი ყარაბაღის 100 000-ზე მეტი მაცხოვრებლის ჰუმანიტარული საჭიროებები, რომლებმაც თავშესაფარი იპოვეს სომხეთში, ჩვენი უშუალო ყურადღების ცენტრშია“, – განაცხადა მან.
ელჩმა დასძინა, რომ ევროკავშირს და სომხეთს გადაწყვეტილი აქვთ გააძლიერონ თავიანთი კავშირები ყოვლისმომცველი და გაძლიერებული პარტნიორობის შეთანხმებისა და ევროკავშირის ეკონომიკური და საინვესტიციო გეგმის სრული პოტენციალის რეალიზებით.