საქართველო ამარტივებს მოქალაქეობის მიღების პროცედურას

საქართველოს პარლამენტმა მესამე მოსმენით მიიღო ცვლილებები „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“, რომლის მიხედვითაც მოქალაქეობის მიღება გაადვილდება. კანონპროექტი კენჭსაყრელად 1 ნოემბერს, პლენარულ სხდომაზე შევიდა.
როგორც იუწყება Aliq.ge, საქართველოს პრეზიდენტის მიერ კანონპროექტზე ხელმოწერის შემდეგ მოქალაქეობის მიღება სხვა პირობების დაკმაყოფილების შემთხვევაში შეეძლებათ პირებს, რომლებიც საქართველოში ლეგალურად ცხოვრობდნენ 5 წელზე მეტი ხნის განმავლობაში. აქამდე კანონი ითხოვდა ქვეყანაში 10 წელზე მეტი ხნის განმავლობაში ცხოვრებას.
თუმცა, მოქალაქეობის მიღების მსურველებისთვის სავალდებულო რჩება საქართველოს სახელმწიფო ენის ცოდნა, საქართველოს ისტორიისა და სამართლის ძირითადი საფუძვლების ცოდნა.
კანონპროექტის მიღებას მხარი 84-მა დეპუტატმა დაუჭირა. დოკუმენტის ავტორი საქართველოს იუსტიციის სამინისტროა, ის პარლამენტს მთავრობამ წარუდგინა.