თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სადადგმო ნაწილი ხელფასის მომატების მოთხოვნით გაიფიცა

ზაქარია ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის, სადადგმო მიმართულების, 36 თანამშრომელი ხელფასების 100%-ით მომატებასა და გათავისუფლებული 2 თანამშრომლის სამსახურში აღდგენას ითხოვს.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ „მეცნიერების, განათლებისა და კულტურის პროფკავშირის“ თავმჯდომარემ, ნიკა წიქარიძემ განუცხადა, შესაბამისი მოთხოვნით ისინი დღეს გაიფიცნენ.
„ახლა გაფიცულები არიან სადადგმო მიმართულების თანამშრომლები. ამ ეტაპზე, სადადგმო მიმართულებით საქმიანობის განხორციელებისას შეფერხება იქნება. არ ვიცი, რას მოიმოქმედებს ხელმძღვანელობა, მაგრამ რეალურად, ისეთი სიტუაციაა, თუ ეს ადამიანები არ იმუშავებენ, პროცესი შეჩერდება. დღევანდელი მოცემულობით, 36 ადამიანია გაფიცული. რეალურად ამ ადამიანების ხელფასი ძალიან დაბალია, დატვირთულობა კი იზრდება. ხელფასი აქვთ დაახლოებით 500-600 ლარი, თითქმის, ყოველდღიურად, სრული განაკვეთით მუშაობენ. ითხოვენ ხელფასების 100%-იან ზრდას. მანამდე იყო ხელმძღვანელობასთან 21-დღიანი მედიაციის პროცესი, სადაც შეთანხმება ვერ შედგა. მათ გაფიცვის შესახებ 3 დღით ადრე შევატყობინეთ. ამ სამ დღეში კი სამსახურიდან 2 ადამიანი გაათავისუფლეს. ერთ-ერთი მოთხოვნა ამ ადამიანების სამსახურში დაბრუნებაცაა. ეს ადამიანები “მეცნიერების, განათლებისა და კულტურის პროფკავშირის” წევრები არიან და ჩვენ ვიცავთ მათ”, – განაცხადა ნიკა წიქარიძემ.