ეკონომიკა

თურქეთზე 3.4-ჯერ, სომხეთზე 2.5-ჯერ, აზერბაიჯანზე 2.3-ჯერ ნაკლები – როგორია ბოსტნეულის მოსავლიანობა საქართველოში

,,ინტერპრესნიუსი.გე” წერს, რომ საქართველოს სოფლის მეურნეობაში საშუალო მოსავლიანობა ყველა შესადარის ქვეყნებზე დაბალია – ამის შესახებ, Galt &Taggart-ის საქართველოს სოფლის მეურნეობის სექტორის შესახებ კვლევაში წერია.

ორგანიზაცია წერს, რომ დარგი ხასიათდება შინამეურნეობების მაღალი წილით და მცირე ზომის მეურნეობებით, რაც აისახება დაბალ მოსავლიანობაზე. ბიზნესის შემთხვევაში საშუალო მოსავლიანობა ხშირ შემთხვევაში ორჯერ მეტია ქვეყნის საშუალო მაჩვენებელზე, რაც ცხადყოფს ბიზნესის ეფექტურობას.

ბოსტნეულის წარმოებამ საქართველოში 333.1 მლნ კგ შეადგინა 2022 წელს. წამყვანი პროდუქტია კარტოფილი, პომიდორი და კიტრი. ამ პროდუქტების ექსპორტი ხორციელდება სეზონურად, თუმცა არასეზონურ თვეებში იმპორტი ბევრად მაღალია. შედეგად, საქართველო ბოსტნეულის წმინდა იმპორტიორია. ბოსტნეულის ჯამურმა თვითუზრუნველყოფის მაჩვენებელმა 2022 წელს 74.5%-ს შეადგინა. ბოსტნეულის ქვე-სექტორისთვის მნიშვნელოვანია სათბურების განვითარება წარმოების სეზონურობის გათვალისწინებით და შესანახი მეურნეობების განვითარება პროდუქტის ვარგისიანობის გასახანგრძლივლებლად.

რაც შეეხება მეზობელ ქვეყნებს, საქართველოში ბოსტნეულის საშუალო მოსავლიანობა თურქეთზე 3.4-ჯერ ნაკლებია, სომხეთზე 2.5-ჯერ, რუსეთზე 2.4-ჯერ, აზერბაიჯანზე კი – 2.3-ჯერ.

კერძოდ, მონაცემები ასე გამოიყურება:

  • თურქეთი 39.4 ტონა ჰექტარზე
  • ევროკავშირი – 34.3 ტონა ჰექტარზე
  • სომხეთი – 28.8 ტონა ჰექტარზე
  • რუსეთი – 27.6 ტონა ჰექტარზე
  • აზერბაიჯანი – 26.6 ტონა ჰექტარზე
  • უკრაინა – 21.6 ტონა ჰექტარზე
  • საქართველო – 11.5 ტონა ჰექტარზე

რაც შეეხება ხილის მოსავლიანობას საქართველოში, ის 3-ჯერ ნაკლებია, ვიდრე სომხეთსა და აზერბაიჯანში.

ნახეთ მეტი
Back to top button