ეკონომიკა

სომხეთმა ექსპორტზე ყველაზე მეტად გაიტანა  ძვირფასი და ნახევრადძვირფასი ქვები, ძვირფასი ლითონები. მოცულობამ 1 მილიარდ დოლარს გადააჭარბა

სომხეთმა მიმდინარე წლის 9 თვეში, იანვარ-სექტემბერში 5 მილიარდ 120 მილიონ 624,3 ათასი დოლარის საქონელი გაიტანა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 44,8 პროცენტით გაიზარდა. ექსპორტში ყველაზე დიდი წილი ძვირფასი და ნახევრადძვირფასი ქვები, ძვირფასი ლითონები და მათი ნაწარმია. რაც შეეხება ქვეყნებს, სომხეთისთვის ყველაზე დიდი საექსპორტო ბაზარი კვლავ რუსეთი იყო.

“არმენპრესის” ცნობით, ამას მოწმობს სომხეთის სტატისტიკური კომიტეტის მიერ გამოქვეყნებული მაჩვენებლები.

ევრაზიის ეკონომიკური კავშირის ქვეყნებში ექსპორტმა 2 მილიარდ 793 მილიონ 730,3 ათასი დოლარი შეადგინა, რაც 2022 წლის 9 თვესთან შედარებით 87 პროცენტით გაიზარდა. ხოლო ევროკავშირის  ქვეყნებში ექსპორტი 5,1 პროცენტით შემცირდა და 575 მილიონ 511,9 ათასი დოლარი შეადგინა.

ექსპორტის ყველაზე დიდი წილი რუსეთზე გავიდა, 2 მილიარდ 645 მილიონ დოლარზე მეტი, ზრდა წინა წლის 9 თვესთან შედარებით 85 პროცენტია. არაბთა გაერთიანებული საემიროები აგრძელებდა სიდიდით მეორე საექსპორტო მიმართულებას. მიმდინარე წლის 9 თვეში, სომხეთიდან არაბეთის გაერთიანებულ საემიროებში ექსპორტმა 9 თვეში 665 მილიონ 462,6 ათასი დოლარი შეადგინა, ექსპორტის მოცულობა წინა წლის 9 თვესთან შედარებით 2,4-ჯერ გაიზარდა.  სომხეთიდან ექსპორტის მოცულობით ჩინეთი მესამე ადგილზეა. 2023 წლის იანვარ-სექტემბერში სომხეთიდან ჩინეთში ექსპორტმა 322 მილიონ 566,6 ათასი დოლარი შეადგინა, ზრდა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, რუსეთისა და არაბთა გაერთიანებული საამიროებისგან განსხვავებით, არც თუ ისე დიდია – 19,9 პროცენტი.

ევროკავშირის ქვეყნებიდან ყველაზე მეტი ექსპორტი ნიდერლანდებში იყო მიმართული: 218 მლნ 716,6 ათასი დოლარი, ზრდა 33,8 პროცენტია. ზოგიერთ ქვეყანაში ექსპორტის მოცულობა მნიშვნელოვნად გაიზარდა. ექსპორტი რუმინეთში 26,7-ჯერ გაიზარდა, საბერძნეთში – 4,6-ჯერ, სლოვაკეთში 2,3-ჯერ და ა.შ.

რაც შეეხება ექსპორტირებულ საქონელს, სტატისტიკური კომიტეტის მონაცემებით, იანვარ-სექტემბერში სომხეთიდან ექსპორტში ყველაზე დიდი წილი ძვირფას და ნახევრადძვირფას ქვებს, ძვირფას ლითონებსა და მათ ნაწარმს ჰქონდა: 1 მილიარდ 104 მილიონ 251,8 ათასი დოლარი, ზრდა წინა წლის 9 თვესთან შედარებით  84,9 პროცენტია.

ექსპორტის მოცულობით მეორე ადგილზეა მანქანები, აღჭურვილობა და მექანიზმები – 898 მლნ 882,3 ათასი დოლარი, ზრდა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 2,2-ჯერ მეტია. მართალია, წიაღისეულის ექსპორტის მოცულობა მიმდინარე წლის 9 თვეში 12,7 პროცენტით შემცირდა, სომხეთიდან ექსპორტის მოცულობას შორის ის მაინც მესამე ადგილზეა 685 მლნ 425,4 ათასი დოლარით.

ექსპორტის მოცულობაში მნიშვნელოვანი იყო მზა საკვები პროდუქტების ექსპორტიც. სომხეთიდან იანვარ-სექტემბერში 633 მლნ 984,7 ათასი დოლარის მზა საკვები პროდუქტებია ექსპორტირებული.

ასევე მნიშვნელოვნად გაიზარდა სომხეთიდან ფეხსაცმლის, ქუდების, ქოლგების, ნედლი ტყავის, ბეწვისა და მათგან დამზადებული ნაწარმის, ხის და ხის ნაწარმის და სხვა პროდუქტების ექსპორტის მოცულობა.

ნახეთ მეტი
Back to top button