
პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანსა და საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს შორის ელისეის სასახლეში შეხვედრა გაიმართა.
საფრანგეთის პრეზიდენტმა პირველ რიგში მიუსამძიმრა პრემიერ-მინისტრს იუნესკოში სომხეთის რესპუბლიკის მუდმივი წარმომადგენლის, ფრანკოფონიის საერთაშორისო ორგანიზაციაში სომხეთის პრემიერ-მინისტრის პირადი წარმომადგენლის, კრისტიან ტერ-სტეპანიანის გარდაცვალების გამო. ემანუელ მაკრონმა კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა საფრანგეთის მხარდაჭერას სომხეთისადმი შემდგომი განვითარებისა და არსებული გამოწვევების დაძლევის მიმართულებით.
ნიკოლ ფაშინიანმა მადლობა გადაუხადა თბილი მასპინძლობისა და თანაგრძნობისთვის. პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა სომხეთ-საფრანგეთის თანამშრომლობის განვითარებას ყველა სფეროში.

მხარეებმა სომხეთ-აზერბაიჯანის ურთიერთობების ნორმალიზაციის პროცესთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს. სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობების მოწესრიგების საკითხში მახვილი დაესვა სომხეთის პრემიერ-მინისტრის, საფრანგეთის პრეზიდენტის, გერმანიის კანცლერის და ევროსაბჭოს პრეზიდენტის ოთხმხრივ გრანადის დეკლარაციაში მოცემულ პრინციპების მნიშვნელობას.

საუბარი შეეხო აზერბაიჯანის ეთნიკური წმენდის პოლიტიკის შედეგად მთიან ყარაბაღში 100 000-ზე მეტი იძულებით გადაადგილებული პირის ჰუმანიტარულ პრობლემებს, ასევე სომხეთის მთავრობის მიერ მათ დასაძლევად გადადგმულ ნაბიჯებს. ხაზი გაესვა საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერას არსებული პრობლემების გადაწყვეტაში.
ასევე განიხილეს სომხეთ-საფრანგეთის თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავება და გაფართოება ეკონომიკის, ინფრასტრუქტურის განვითარებისა და სხვა სფეროებში. მხარეებმა გამოთქვეს სურვილი, თანმიმდევრულად გააგრძელონ მუშაობა ამ მიმართულებით.