ღაფამა, ეროვნული სამზარეულოს საგანძური. ერევანში ტრადიციული კერძებისადმი მიძღვნილი სადღესასწაულო ღონისძიება გაიმართა

სომხებსა და ტურისტებს შორის ტრადიციული სომხური ღაფამას უფრო ცნობადად გასახდომად და კულინარიის საიდუმლოების გასაცნობად ერევანში, ვერნისაჟში, ღაფამასადმი მიძღვნილი სადღესასწაულო ღონისძიება გაიმართა.
“არმენპრესის” ინფორმაციით, ღონისძიებაზე თორმეტმა ორგანიზაციამ – რესტორანმა, კულინარიულმა კომპანიებმა, საგანმანათლებლო დაწესებულებებმა ეროვნული კერძი თავიანთ პავილიონებში გამოფინეს და გამვლელებს სიამოვნებით მიართვეს. ღაფამას გარდა წარმოდგენილი იყო ჰალვა, ჩირები, სხვადასხვა ორცხობილა, რამაც გაამდიდრა გამოფენა.
ერევნის ადმინისტრაციული რაიონის ,,კენტრონის“ ადმინისტრაციის განათლების, კულტურისა და სპორტის დეპარტამენტის უფროსმა ნელი ასატრიანმა განაცხადა, რომ ინიციატივა ცენტრის ადმინისტრაციული ოლქის უფროსს სამველ ღუკასიანს ეკუთვნის.
„ღონისძიება უნიკალურია, რადგან წარმოგიდგენთ ჩვენს ეროვნულ კულტურას სომხური ეროვნული სამზარეულოს სახით, რომლის სამკაულიც არის ღაფამა. ჩვენი მიზანია ჩვენი ეროვნული სამზარეულოს პოპულარიზაცია და თაობებისთვის გადაცემა, ამიტომ შემთხვევითი არ არის, რომ კულინარიული საგანმანათლებლო დაწესებულებები მონაწილეობენ. ტურიზმის პოპულარიზაციაც გვინდოდა და ღონისძიება ვერნისაჟში მოვაწყვეთ“, – აღნიშნა ასატრიანმა.









მან შეახსენა, რომ არსებობს ლეგენდა, რომლის მიხედვითაც ღაფამა დედამიწასთან გაიგივებულია. „ღაფამა არის პლანეტა დედამიწა, ბრინჯი არის მოსახლეობა, პარკოსნები კი სხვადასხვა რელიგიისა და ეროვნების წარმომადგენელია. ჩვენი გზავნილია მშვიდობა, რათა დედამიწაზე ყველამ მშვიდობიანად იცხოვროს, განურჩევლად რელიგიისა, ეროვნებისა, სქესისა, რწმენისა და სხვა გარემოებებისა“, – აღნიშნა ნელი ასატრიანმა.
არასამთავრობო ორგანიზაციის „სომხური ტრადიციული კულინარიის განვითარებისა და შენარჩუნების“ პრეზიდენტის, სედრაკ მამულიანის თქმით, მსგავსი ინიციატივები კიდევ ერთი ნაბიჯია ჩვენი ზოგიერთი ეროვნული კერძის პოპულარიზაციისთვის. „თუ ჩვენ არ გავხადეთ ჩვენი ეროვნული კერძები ცნობადი, არ დავფაროთ, არ გავავრცელოთ, არ უნდა ვიწუწუნოთ, რომ ესა თუ ის ქვეყანა, მეზობელი ითვისებს ჩვენს რომელიმე კერძს“, – ხაზგასმით აღნიშნა მან.
მამულიანის თქმით, ღაფამას მომზადების ხერხები წლების განმავლობაში არ შეცვლილა, მაგრამ სხვადასხვა რეგიონში სხვადასხვანაირად მზადდება. გოგრის შიგთავსი ყველგან განსხვავებულია. „ერთ რაიონში მარცვლეულს, პარკოსნებს, ჩირს, თაფლს, მეორე რაიონში ბრინჯს, ხილს, სხვა რაიონში მხოლოდ ჩირს და ა.შ., თუმცა თუ დესერტად მიირთმევენ, აუცილებლად თაფლით უნდა დაამზადონ. არის არადესერტის ვერსიაც. მთიან ყარაბაღში მას მთავარ კერძად ლობიოს, სემოლინისა და ცხვრის ხორცით ამზადებენ. ღაფამა სომხური კერძია და მისი ნამდვილი სახელია ამიჩი. სომხურ სამზარეულოში ყველა შიგთავსიან კერძს ამიჩი ჰქვია“, – ამბობს სედრაკ მამულიანი.
„ერევნის 8 ხელოსნობის სახელმწიფო სასწავლებლის“ მოსწავლეებმა მოამზადეს რამდენიმე სახეობის ღაფამა – ტრადიციული, ერზურუმის და ეგზოტიკური ხილით.
„ტრადიციულ კერძში შედის ბრინჯი და პარკოსნები, ერზრუმის ღაფამაც შეიცავს საქონლის ხორცს და გადის თერმულ დამუშავებას, ჩვენი ღაფამა კი ეგზოტიკურ ხილს მოიცავს: ანანასი, გუავა“, – ამბობს უნივერსიტეტის მესამე კურსის სტუდენტი ერიკ გასპარიანი.
მისი თქმით, ხშირად ამზადებენ ღაფამას, რომლის სიმბოლო მშვიდობაა.
ღონისძიება ეროვნული სიმღერითა და ცეკვით მიმდინარეობდა. ბევრი ტურისტი იყო, ვინც საშუალება არ გაუშვა ხელიდან, დაეგემოვნებინა სომხური კერძები.
ღაფამასადმი მიძღვნილი სადღესასწაულო ღონისძიება ერევნის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულმა ოლქმა ერევნის მუნიციპალიტეტთან თანამშრომლობით დაიწყო.
ასეთ ფორმატში დღესასწაული პირველად იმართება. დაინტერესებული პირები ძალიან ბევრია, ამიტომ არ არის გამორიცხული, მომავალ წელს ისევ მოეწყოს.