
სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, პარუირ ჰოვჰანნისიანმა ისაუბრა ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრთა საბჭოს გადაწყვეტილებაზე სომხეთში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის გაფართოების შესახებ.
ჟურნალისტებთან საუბარში პარუირ ჰოვჰანნისიანმა აღნიშნა, რომ სომხეთში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის გაფართოების საკითხი დიდი ხანია განიხილება. „მიღებულია გადაწყვეტილება დამკვირვებელთა რაოდენობის გაფართოების, მათი შესაძლებლობების გაძლიერების შესახებ, რაც დაკვირვებასთან დაკავშირებული უფრო აქტიური მუშაობის, ბრიუსელსა და წევრ ქვეყნებს შესაბამისი მოხსენებების წარდგენის საშუალებას მისცემს. ის, რაც აუცილებლად კიდევ უფრო გააძლიერებს ჩვენი საზღვრების სტაბილურობას“, – განაცხადა ჰოვჰანნისიანმა.
მან დასძინა, რომ ჯერჯერობით უცნობია, რამდენად გაიზრდება ევროკავშირის დამკვირვებლების რაოდენობა, თუმცა გამოთქვა მოსაზრება, რომ შესაბამისი რაოდენობა უნდა იყოს უზრუნველყოფილი, რათა მუშაობა უფრო ეფექტურად წარიმართოს.
ჰოვჰანნისიანმა განმარტა, რომ საუბარია დამკვირვებელთა რაოდენობის გაზრდასა და მათი შესაძლებლობების გაძლიერებაზე.
მან ასევე გამოთქვა მოსაზრება, რომ ამ მიმართულებით სამუშაოები სწრაფად დაიწყება და შეფერხება არ იქნება.
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს შეხვედრის შემდეგ, ევროკავშირის უმაღლესმა კომისარმა საგარეო ურთიერთობათა საკითხებში, ჟოზეპ ბორელმა განაცხადა, რომ ქვეყანაში რეფორმების გაგრძელების გათვალისწინებით, ევროკავშირმა გადაწყვიტა გააძლიეროს თავისი მისია სომხეთში და განახორციელოს მეტი პატრულირება საზღვრის მგრძნობიარე ადგილებში.