სომხეთს კუხო-ს დატოვების გადაწყვეტილება არ მიუღია. ალენ სიმონიანი
სომხეთს კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციიდან გასვლის გადაწყვეტილება არ აქვს.
როგორც “არმენპრეს”-ი იუწყება, ამის შესახებ სომხეთის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარემ, ალენ სიმონიანმა ჟურნალისტებთან ბრიფინგზე განაცხადა.
„ჩვენ არ მიგვიღია გადაწყვეტილება კუხო-დან გასვლის შესახებ. როგორ პოზიციონირებს კუხო, სხვა საკითხია. არის ეს სტრუქტურა, რომელიც შექმნილია გარკვეული ქმედებების განსახორციელებლად, როდესაც ამ სტრუქტურის ერთ-ერთ წევრს საფრთხე ემუქრება თუ არა? ეს კითხვა მიემართება კუხო-ს სხვა წევრ ქვეყნებს, რადგან, მაგალითად, როდესაც სომხეთი იყო კუხო-ს თავმჯდომარე ქვეყანა, კუხო-მ სტრუქტურის ერთ-ერთ წევრ ქვეყანაში ჩაატარა ოპერაცია. და როცა სომხეთის წინააღმდეგ ოპერაცია ჩატარდა და ის მიმდინარეობს, კუხო-მ დაიწყო საუბარი იმაზე, რომ მზად არის გამოაგზავნოს დამკვირვებლები, მზადაა ჩაატაროს სამხედრო წვრთნები, არ დაუკონკრეტებია სად ჩატარდება ეს სამხედრო წვრთნები“, – განაცხადა ეროვნული კრების თავმჯდომარე.
მან ისაუბრა კუხო-ს წევრი ქვეყნების განცხადებებზე, რომ ისინი მზად იყვნენ სადამკვირვებლო მისიის გაგზავნისთვის, მაგრამ სომხეთს არ სურდა.
„როდესაც ჩვენი კუხო-ს პარტნიორები ამბობენ, ჩვენ მზად ვიყავით, თქვენ არ გინდოდათ, მე მინდა ვიკითხო, სად იყვნენ მზად, სად იდგნენ, სად მიიღებდნენ ამ ქმედებებს, თუ ამავე დროს ამბობდნენ, რომ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის საზღვარი არ დაირღვა. როგორ არ დაირღვა? ჯერმუკში, დანარჩენ რაიონებში საზღვარი არ დაირღვა? სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, თუ ეს საზღვარი რაღაც ამორფულია, მაშინ სად მოვიდოდა ეს სადამკვირვებლო მისია და რას დააკვირდებოდა? ასე რომ, ის ოინბაზობა, რომელიც კეთდება, ჩვენთვის უბრალოდ მიუღებელია“, – განაცხადა სიმონიანმა.
ალენ სიმონიანი გამოეხმაურა საპარლამენტო ასამბლეის ფრაქცია „ჰაიასტანის“ ხელმძღვანელის სეირან ოჰანიანის განცხადებას, რომ სწორი იქნება სომეხი ოფიციალური პირების მონაწილეობა კუხო-ს შეხვედრებში და უშუალოდ ამ საკითხებზე საუბარი. „ჯერ მივედით, ვთქვით, მივწერეთ წერილი როგორც კუხო-ს, ასევე ჩვენს მოკავშირეს, სადაც დავაზუსტეთ კონკრეტული პუნქტები. მაგრამ ჩვენ ვხედავთ, რომ არავითარი ქმედება არ ხდება და არის გამონათქვამებიც კი, როგორ წარმოგიდგენიათ, რომ რუსი, ყაზახი, ბელორუსი ჯარისკაცები მოვიდნენ და იბრძოლონ“, – თქვა სიმონიანმა და დასძინა, რომ კუხოს მხრივ, თუნდაც პოლიტიკურად, არ არის შეფასებული აზერბაიჯანის აგრესია სომხეთის წინააღმდეგ.