რუსეთი ვერ იქნება კეთილსინდისიერი შუამავალი სამხრეთ კავკასიაში – ჯიმ კოსტა

მსოფლიო ცეცხლის ალშია გახვეული, 20 თვის წინ რუსეთი შეიჭრა უკრაინაში, 6 კვირის წინ ჰამასმა სასტიკი შეტევა დაიწყო ისრაელზე და მოკლა 1400 ისრაელელი, რამაც დაიწყო კონფლიქტი. ამ ყველაფრის ფონზე 100 000-ზე მეტმა სომეხმა დაკარგა თავისი ისტორიული სამშობლო. ეს ძალიან ართულებს მშვიდობას კავკასიაში. ამის შესახებ ამერიკელმა კონგრესმენმა ჯიმ კოსტამ „ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუში განაცხადა.
მისი თქმით, აშშ და ევროპელი მოკავშირეები უნდა გაერთიანდნენ და შეიმუშაონ სტრატეგიული გეგმა, რათა აიძულონ ქვეყნები დასხდნენ მოლაპარაკების მაგიდასთან, თავიდან აიცილონ კონფლიქტები და აიღონ ვალდებულება მშვიდობიანი გზით მოაგვარონ უთანხმოება.
სამხრეთ კავკასიაში რუსეთის როლისა და გავლენის შესახებ და კითხვაზე, შეიძლება თუ არა რუსეთი იყოს კეთილსინდისიერი შუამავალი, კოსტამ უპასუხა: „არა მგონია. მე დავკარგე რწმენა რუსეთის მიმართ. უკრაინაში შეჭრით რუსეთმა დაარღვია ადრე გაფორმებული შეთანხმებები. რუსეთი გვიჩვენებს განსხვავებას სიკეთესა და ბოროტებას შორის. პუტინი ბოროტია, მათ უკრაინიდან 30 ათასამდე უდანაშაულო ბავშვი გაიტაცეს. უკრაინაში მათ დაბომბეს სკოლები, საბავშვო ბაღები და მშვიდობიანი მოსახლეობა. პუტინი ომის დამნაშავეა, მისი ნდობა არ შეიძლება.
პუტინი თავს პეტრე დიდად წარმოიდგენს, რომელიც თითქოს ძველ იმპერიულ რუსეთს აცოცხლებს. მან რამდენჯერმე განაცხადა, რომ მე-20 საუკუნის ყველაზე დიდი კატასტროფა იყო სსრკ-ს დაშლა და ახლა ცდილობს დაიბრუნოს დაკარგული. მაგალითად, ისეთი ქვეყნები, როგორიცაა უკრაინა, კავკასია, სომხეთი, რომლებიც დასავლეთისკენ იყურებიან. ეს არის პუტინი დღეს“.