
სომხეთის ურბანული განვითარების კომიტეტის თავმჯდომარე არმენ ღულარიანი შეხვდა სომხეთში საქართველოს ელჩს გიორგი შარვაშიძეს, რომლის დროსაც განიხილეს ორ ქვეყანას შორის ურბანული განვითარების სფეროში თანამშრომლობის განვითარებასთან დაკავშირებული საკითხები.
როგორც ურბანული განვითარების კომიტეტის ანგარიშიდან ირკვევა, თანამშრომლობის მიმართულებების დასახვის მიზნით განიხილეს სრ ურბანული განვითარების კომიტეტსა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმის გაფორმების შესაძლებლობა.
არმენ ღულარიანმა ელჩს გააცნო სრ მთავრობის მიერ განხორციელებული ძირითადი სამშენებლო პროექტები და კომიტეტისთვის დაკისრებული ფუნქციები, ისაუბრა ამ პროექტებში მეზობელი სახელმწიფოს პოტენციალის შესაძლო ჩართვაზე.
„ჩვენმნიშვნელობას ვანიჭებთ მოძმე საქართველოსთან ისტორიულად ჩამოყალიბებული კავშირების გაღრმავებას ურბანული განვითარების სფეროშიც. ჩვენს ქვეყნებს ბევრი რამ აქვთ საერთო, რაც საშუალებას გვაძლევს ერთმანეთის გვერდით ვიაროთ ურბანული განვითარების ხელშეწყობისა და ერთობლივი პროექტების განხორციელების გზაზე“.
შეხვედრაზე ხაზი გაესვა ორ სახელმწიფოში გამართულ დარგობრივ გამოფენებსა და კონფერენციებში საჯარო და კერძო სექტორის წარმომადგენლების მონაწილეობას, ურბანული განვითარების სფეროში გამოცდილების გაცვლას და საუნივერსიტეტო პროგრამების განხორციელებას. მხარეებმა აზრები გაცვალეს ნორმატიული და ტექნიკური, ურბანული განვითარების პროგრამული დოკუმენტების ჰარმონიზაციის შესახებ. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო მიწისძვრაგამძლე მშენებლობის საკითხებს.
კომიტეტის ხელმძღვანელმა ელჩ გიორგი შარვაშიძეს შესთავაზა მომავალ შეხვედრაზე გაეცნოს ურბანული დაგეგმარების კომიტეტის ალექსანდრე თამანიანის სახელობის არქიტექტურის ეროვნული მუზეუმ-ინსტიტუტის საქმიანობას.