პოლიტიკა

აზერბაიჯანმა შეაჩერა ერთობლივი პროგრამები ევროკავშირის რამდენიმე ქვეყანასთან მათი “პროსომხური პოზიციის” გამო

ოფიციალურმა ბაქომ ევროკავშირთან არაერთი ერთობლივი პროექტი შეაჩერა, იუწყება აზერბაიჯანული მედია დიპლომატიურ წყაროებზე დაყრდნობით.

„საუბარია ე.წ. Twinning პროექტებზე, რომლის ფარგლებშიც ევროპელი ჩინოვნიკები აზერბაიჯანის სახელმწიფო ინსტიტუტებს  „ავალებდნენ“ ევროპული სტანდარტების შესაბამისად მუშაობას.  ეს სქემა ასე მუშაობს. Twinning კონსულტანტი ევროკავშირის ქვეყნიდან იგზავნება ბენეფიციარი ქვეყნის შესაბამის სამთავრობო სააგენტოში პროექტის მთელი პერიოდის განმავლობაში, 12-დან 36 თვემდე და კოორდინაციას უწევს მის საქმიანობას. Twinning პროგრამის სამუშაო გეგმა ჩვეულებრივ მოიცავს მოკლე და საშუალოვადიან საექსპერტო მისიებს და ტრენინგ ღონისძიებებს.

აღსანიშნავია, რომ ამ პროექტების უმეტესობაში ლიტვა უდგა სათავეში, „საფრანგეთის შემდეგ, ამ სახელმწიფომ აჩვენა ყველაზე მძაფრი პროსომხური და ანტიაზერბაიჯანული პოზიცია“.  ამრიგად, აზერბაიჯანმა შეაჩერა სამი ერთობლივი პროექტი ლიტვასთან სამართალდამცავი, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სფეროებში“, – წერენ აზერბაიჯანული წყაროები.

„ხშირ შემთხვევაში ლიტვის წარმომადგენლების აქტიურობამ და ცნობისმოყვარეობამ მთავრობის საქმიანობის ამ საკვანძო სფეროებში გადალახა თანამშრომლობის საზღვარი და იწვევდა ეჭვებს“, – გვიზიარებს თავის შეფასებას წყარო. ასევე შეწყდა შვედეთთან და საბერძნეთთან Twinning  პროგრამა მიგრაციის სფეროში.

ერთადერთი გამონაკლისი აზერბაიჯანულმა მხარემ დაუშვა პოლონეთთან და ფინეთთან პროექტებთან დაკავშირებით, „ამ ქვეყნების დაბალანსებული პოზიციის გამო“.

„ასეთ პროექტებს ალბათ აზრი ჰქონდა 90-იან წლებში და 2000-იანი წლების დასაწყისში, მაგრამ 2023 წელს, როცა აზერბაიჯანი მყარად დგას ფეხზე, „მასწავლებელ-მოსწავლე“ ურთიერთობა ევროკავშირთან ურთიერთობაში ბაქოსთვის მიუღებელია. მეტიც, სომხური სეპარატიზმის მცველის,ჟოზეპ ბორელის მიერ გაგზავნილი „გაფრთხილებისა“ და „ნათელი სიგნალების“ ფონზე, მსგავსი თანამშრომლობა შეუძლებელი ჩანს.

რაც შეეხება უცხო ქვეყნების სახელმწიფო ინსტიტუტებთან ადმინისტრირების ხარისხის გაუმჯობესების გამოცდილების გაცვლას, უნდა გვახსოვდეს, რომ ორმხრივი კონტაქტები ევროპის მეგობარ ქვეყნებთან არ გაუქმებულა. უფრო მეტიც, აზიის ზოგიერთი მაღალტექნოლოგიური ქვეყანა დიდი ხანია უსწრებს ევროკავშირს როგორც დიგიტალიზაციის დონით, ასევე ადმინისტრაციული რეფორმების ეფექტურობით. ასე რომ, ოფიციალური ბაქო იპოვის პარტნიორებს, მაგრამ ევროკავშირთან ინსტიტუციური თანამშრომლობა შიდა მართვის საკითხებში, როგორც ჩანს,  ლოგიკურ დასასრულს უახლოვდება“, – განაცხადა წყარომ.

ნახეთ მეტი
Back to top button