საზოგადოება

საფრანგეთში ხუთი ქართველი დააკავეს, რომლებმაც დაახლოებით ერთ თვეში 36 ქურდობა ჩაიდინეს

საფრანგეთის სამხრეთ-დასავლეთში ქართველთა ბანდა დააკავეს, რომელიც ძვირფასეულობის ქურდობაში იყო ჩართული, წერს Le Figaro.

მძარცველები 15 ნოემბერს დააკავეს ჟირონდასა და ტულუზაში რამდენიმე კვირის გამოძიების შემდეგ. პოლიციის ცნობით, ხუთი უცხოელი მონაწილეობდა მინიმუმ 36 ქურდობაში, რომელიც 20 ოქტომბრიდან 15 ნოემბრის ჩათვლით ბორდოს რეგიონში მოხდა.

ქურდებმა სამართალდამცავების ყურადღება მას შემდეგ მიიპყრეს, რაც ერთ-ერთ ქურდობაში მონაწილე ავტომობილი აღმოაჩინეს. ამის შემდეგ სამართალდამცავებმა დაიწყეს მანქანის ქალაქში გამოჩენის ლოდინი  და რამდენიმე დღის შემდეგ მანქანა ვიდეოთვალთვალის სისტემის წყალობით იპოვეს. გამომძიებლები მანქანის მოძრაობას აკვირდებოდნენ და გაიგეს, რომ ქურდობა ხუთმა ქართველმა ჩაიდინა.

“ისინი ძალიან მოქნილები არიან, სძინავთ მანქანებში და შეუძლიათ ერთ საღამოს რამდენიმე ქურდობა ჩაიდინონ”, – აცხადებენ ჟანდარმერიაში.

დაკავებისას ქურდებს აღმოაჩნდათ 250 მოპარული სამკაული, ასევე კომპიუტერები, ტელეფონები და სათვალეები. ბრალდებულები პატიმრობაში 21 დეკემბრამდე დარჩებიან.

ნახეთ მეტი
Back to top button