პოლიტიკა

ენმ-ის ყოფილი წევრები პოლიტსაბჭოში მანიფესტზე ხელმოწერის შემთხვევაში დაბრუნდებიან — ხაბეიშვილი

,,ნეტგაზეთი.გე” წერს, რომ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს ყოფილი წევრები ენმ-ს მანიფესტზე ხელმოწერის შემთხვევაში პოლიტსაბჭოში დაბრუნებას შეძლებენ. ეს ინიციატივა ენმ-ის თავმჯდომარემ ლევან ხაბეიშვილმა დღეს, 29 ნოემბერს გააჟღერა. მისი თქმით, ამ ინიციატივას მხარს უჭერს პარტიის დამფუძნებელი, მიხეილ სააკაშვილიც.

“ყველა ის ადამიანი, ვინც იყო “ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკურ საბჭოში და შეუერთდება პრეზიდენტ სააკაშვილის მანიფესტს, ერთობის მანიფესტს, სადაც ცალსახად წერია ერთობის და ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ ბრძოლის მნიშვნელობაზე, მივიღებთ გადაწყვეტილებას, ეს ადამიანები იყვნენ “ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოში და წარმოადგინონ “ნაციონალური მოძრაობა”, — განაცხადა ხაბეიშვილმა.

ენმ-ის თავმჯდომარის თქმით, ამ ინიციატივით პარტიის პოლიტიკურ საბჭოს დღეს, 16 საათზე მიმართავს.

23 ნოემბერს, ვარდების რევოლუციის 20 წლისთავზე, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ 11-პუნქტიანი მანიფესტი გამოაქვეყნა. მანიფესტში წერია, რომ დროა, „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ ძველი ფუნდამენტით ახლებური პოლიტიკა აკეთოს“. ნათქვამია, რომ დოკუმენტი წარმოადგენს პარტია ენმ-ის მანიფესტს, რომელიც ასახავს პარტიის პრინციპებს, პოლიტიკურ ხედვასა და იდეოლოგიას, იმავდროულად, პარტიის ერთიანობის დეკლარაციაა.

მანიფესტს ხელს აწერენ „ნაციონალური მოძრაობის“ მოქმედი მენეჯმენტის და პოლიტსაბჭოს წევრები, თუმცა მასზე ხელი არ მოუწერია პარტიის ყოფილ თავმჯდომარე ნიკა მელიასა და მის თანამოაზრეებს.

მანიფესტის შექმნის იდეა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა შესთავაზა. მისი თქმით, მანიფესტი პარტიული ერთიანობის შეთანხმებას მოიცავს და თუკი ვინმე არ მოისურვებს ამ შეთანხმებაზე ხელის მოწერას, ის ავტომატურად დაიყენებს თავს პარტიის გარეთ და სხვა გზით მოუხდება წასვლა.

27 ნოემბერს „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა, რომ ნიკა მელია პარტიის წევრი აღარაა.  მისი თქმით, ნიკა მელიას დრო ჰქონდა, 23 ნოემბრის მანიფესტს შეერთებოდა, თუმცა ეს არ გააკეთა.

„ფორმულას“ ჟურნალისტებმა მას ჰკითხეს, ეს ნიშნავს თუ არა, რომ ნიკა მელია პარტიიდან გარიცხა, რადგან თავად მელიას არ განუცხადებია ენმ-ის დატოვების შესახებ და არსებობს თუ არა ამის ოფიციალური დოკუმენტი, რომლის მიხედვითაც ის პარტიის წევრი აღარაა. რაზეც ხაბეიშვილმა უპასუხა, რომ „წერილი მისწერონ და პასუხს გაუგზავნიან“.

ხაბეიშვილის თქმით, მელიამ თავად გადაწყვიტა, რომ არ იყოს პარტიის წევრი.

ამის შემდეგ ლევან ხაბეიშვილს მელიას შესახებ კითხვა ჟურნალისტმა ვახო სანაიამ ფურცელზე დაუწერა.

„ბატონო ლევან, ირიცხება თუ არა ნიკა მელია „ნაციონალურ მოძრაობის“ რიგებში? არის თუ არა ის ოფიციალურად და ფორმალურად პარტიის წევრი? მომიწერეთ ხელი ამაზე “, – მიმართა ვახო სანაიამ ლევან ხაბეიშვილს და ფურცელი გაუწოდა.

ლევან ხაბეიშვილმა ჟურნალისტის მიერ ფურცელზე დაწერილ კითხვას წერილობითვე უპასუხა და იმავე ფურცელზე მიაწერა – „არ არის, არ წარმოადგენს“ და თან თავის ხელმოწერა დაურთო.

ნახეთ მეტი
Back to top button