საერთაშორისო

დაპირისპირება ენმ-ში – პოლიტსაბჭოს გაფართოების გადაწყვეტილების მიუხედავად, ლევან ხაბეიშვილის მოწინააღმდეგეთა რიცხვი ყოველდღიურად იზრდება

“ნაციონალურ მოძრაობაში” დაპირისპირება გრძელდება – პოლიტსაბჭოს გაფართოების გადაწყვეტილების მიუხედავად, ლევან ხაბეიშვილის მოწინააღმდეგეთა რიცხვი ყოველდღიურად იზრდება. ამის შესახებ წერს 1TV.GE

მოთხოვნას თავმჯდომარის პოსტიდან გადადგომის შესახებ, მარნეულისა და კახეთის რაიონული ორგანიზაციებიც შეუერთდნენ. სიღნაღის, თელავის, გურჯაანისა და ლაგოდეხის საკრებულოების ფრაქციის წევრები პარტიის დაშლამდე მიყვანაზე პასუხისმგებლობას მოქმედ ხელმძღვანელობას აკისრებენ და ხაბეიშვილის გადადგომასთან ერთად, ყრილობის მოწვევასა და ახალი მმართველი ორგანოს არჩევას ითხოვენ.

ხაბეიშვილის მხარდამჭერები კი ამბობენ, რომ თავმჯდომარის წინააღმდეგ დაწყებული კამპანია უშედეგოდ დასრულდება.

„ბუღალტერიაში არ შევალ, არავის არავინ არ გაუშვია და არ გაურიცხავს. ეს მისი განცხადების საფუძველზე მოხდა, რომელსაც ნიკა აკეთებდა. რაც შეეხება უფლებამოსილებას, გადაიკითხონ პარტიის დებულება და იქ კარგად წერია, რომ თავმჯდომარეს აქვს ამის უფლება, შეიძლება ძველ დებულებაში არ იყო, მაგრამ ახალ დებულებაში არის ეს გაწერილი,“ – აცხადებს პარლამენტის ფრაქციის ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშია” წევრი დავით ხაჯიშვილი.

კიდევ ერთი თემა, რაზეც პარტიაში უთანხმოებაა, ნიკა მელიას პარტიიდან გარიცხვის პროცედურაა.

„ხაბეიშვილი არის ფიგურა, რომელიც სპეციალურად შეარჩიეს, რათა მათი მხრებიდან მოაცილოს პასუხისმგებლობის მთელი ტვირთი. იმ ადამიანებს, რომლებსაც პასუხისმგებლობა ოფიციალურად აკისრიათ, ამ შემთხვევაში ამ გადაწყვეტილებებზე, იმათ აუცილებლად უნდა მოეწერათ ხელი გადაწყვეტილებაზე. მათ იციან, რომ ეს აუცილებლად ცუდად დამთავრდება და მათ არ აწყობთ, რომ მათი კარიერა დამთავრდეს ლევან ხაბეიშვილის კარიერისნაირად. ისინი არიან, ამ შემთხვევაში, იმ გავლენის წარმომადგენლები, რომელიც აქვს არაფორმალურ მმართველს, ამ შემთხვევაში კეზერაშვილს, რომელიც ზის კვიპროსში და იქიდან ცდილობს ეს ამბავი დაალაგოს, და ასევე სხვა არაფორმალური გავლენის ცენტრებს, რომელიც არის ვანო მერაბიშვილი და სხვა,“ – აცხადებს ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრი გიორგი იმედაშვილი.

ენმ-ში ამბობენ, რომ რეგიონებში თუნდაც 10 ადამიანის განცხადება რაიონული ორგანიზაციის ან საკრებულოს პოზიციას არ გამოხატავს.

“ცალკეულ ქალაქში ან რაიონში 1, 2, თუნდაც 10 ადამიანის განცხადება ბუნებრივია არ გამოხატავს იმავე რაიონული ორგანიზაციის ან საკრებულოების აზრს. ყველამ უნდა გაიაზროს, რომ ამ კამპანიას აზრი არა აქვს. ისინი საუბრობენ გაყოფაზე, გადადგომაზე, გასვლაზე. ყველას, ვისაც აქვს სურვილი ერთიანობის და ვისაც აქვს სურვილი მიხეილ სააკაშვილის ხელმძღვანელობით პარტიასთან ერთად საერთო ბრძოლის გაგრძელების, ეს მექანიზმი შემუშავებული და შეთავაზებული არის და კარი ღიაა,“ – აცხადებს პარლამენტის ფრაქციის ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშია” თავმჯდომარის პირველი მოადგილე ლევან ბეჟაშვილი.

ნახეთ მეტი
Back to top button