კულტურამთავარი

სომხურ-ქართული საღამო ერევანში

3 დეკემბერს, ერევანში ,,არნო ბაბაჯანიანის“ საკონცერტო დარბაზში ხალხმრავლობა იყო. მასპინძელი, სრ-ში ქართული საქველმოქმედო სათვისტომო „ივერია“ იყო. სათვისტომო ყოველ წელს ტრადიციულად მართავს კონცერტს სომხურ-ქართული კულტურული ურთიერთობების შესახებ. ამჯერად სომხურ-ქართული მეგობრობის საღამო გაიმართა სახელწოდებით: ,,ქართულ-სომხურ კულტურის გზაჯვარედინზე. საქართველო – ცნობილი სომეხი მოღვაწეების აკვანი“. კონცერტი მიძღვნა საქართველოში დაბადებულ და საქართველოში მოღვაწე ისეთ ცნობილ სომხებს: საიათ-ნოვა, სერგო ფარაჯანოვი, ვიქტორ ჰამბარძუმიანი, ტიგრან პეტროსიანი, ღაზაროს აღაიანი, გაბრიელ სუნდუკიანი, ოვანეს თუმანიანი, არამ ხაჩატურიანი, მიქაელ ტარივერდიევი…, რომლებმაც წვლილი შეიტანეს საქართველოს, სომხეთის და სხვა ქვეყნების კულტურულ განვითარებაში.

საღამო გახსნა სრ-ში ქართული საქველმოქმედო სათვისტომო „ივერია“-ს პრეზიდენტმა, ქალბატონმა სვეტლანა ნამჩევაძემ, მისასალმებელ სიტყვაში მან აღნიშნა, რომ სომხებსა და ქართველებს, ამ ორ მოძმე ხალხებს შორის არსებობს მრავალსაუკუნოვანი მეგობრობა, რომელიც მყარდება და ძლიერდება ორი ქვეყნის ხელმძღვანელების თავდაუზოგავი შრომის წყალობით. ,,ჩვენი ვალია კიდევ უფრო გავაძლიეროთ ეს მეგობრობა და ის, რაც უკვე შეიქმნა, შევინარჩუნოთ და დავაფასოთ“, – დასძინა ქართული საქველმოქმედო სათვისტომო „ივერია“-ს ვიცე პრეზიდენტმა ნინო სპანდერაშვილმა.

საღამოს ესწრებოდნენ სომხეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი გიორგი შარვაშიძე, საელჩოს წარმომადგენლები, სომხეთის მწერალთა კავშირისა და სომხური კულტურული ფონდის წევრები, ქართული კულტურით დაინტერესებული სხვა პირები.

„დღეს სომხურ-ქართული ურთიერთობები უმაღლეს დონეზეა. ეს აისახება როგორც კულტურულ კავშირებში, ასევე ეკონომიკასა და პოლიტიკაშიც“, – განაცხადა საღამოზე სიტყვით გამოსვლისას სომხეთში საქართველოს ელჩმა გიორგი შარვაშიძემ.

სათვისტომოს საკვირაო სკოლის აღსაზრდელებმა წარმოადგინეს რუსთაველის აფორიზმები ქართულ და სომხურ ენაზე, ქართული ცეკვა.

ერევნის კონსერვატორიის სტუდენტებმა წარმოადგინეს არამ ხაჩატურიანის ნაწარმოებები. საღამოს დასასრულს გაჟღერდა მიქაელ ტარივერდიევის მუსიკა კინოფილმიდან ,,გაზაფხულის 17 გაელვება“.

ნახეთ მეტი
Back to top button