პოლიტიკა

ჯაშუშომანია  აზერბაიჯანში –  რატომ არის ბაქო განაწყენებული აშშ-სა და ევროკავშირზე?

როგორც NEWS.AM-ი წერს, აზერბაიჯანში დამოუკიდებელ ჟურნალისტებზე ზეწოლა იზრდება. მზარდია ანტიდასავლური რიტორიკის მქონე პუბლიკაციები  პრო-სამთავრობო მედიაში, რომლებიც მოუწოდებენ აშშ-ს მიერ მხარდაჭერილი ფონდების, განსაკუთრებით USAID-ის საქმიანობის წინააღმდეგ „მოქმედებას“.

რა ხდება ქვეყანაში?

როგორც Deutsche Welle იხსენებს, 20-21 ნოემბერს ბაქოში ჩხრეკა ჩატარდა AbzasMedia-ის რედაქციაში, რომელიც ანტიკორუფციულ  გამოძიებაზეა  დასპეცებული.  როგორც  პოლიცია აცხადებს, გამოცემის ოფისში 40 000 ევრო აღმოაჩინეს. ამის შემდეგ დააკავეს AbzasMedia-ს სამი თანამშრომელი: გამომცემლობის დირექტორი ულვი ჰასანლი, მთავარი რედაქტორი სევინჯ ვაგიფგიზი და სამოქალაქო აქტივისტი მაგომედ კეკალოვი, რომელიც მათტან ტანამშრომლობდა.  სამივეს ბრალი წაუყენეს  წინასწარი შეთანხმებით პიროვნებათა ერთი ჯგუფის მიერ განხორციელებულ კონტრაბანდაში.  სამივენი  ამჟამად წინასწარ პატიმრობაში იმყოფება.

რამდენიმე დღის შემდეგ, 27 ნოემბერს, ინტერნეტ ტელევიზიის Kanal 13-ის ხელმძღვანელი აზიზ ორუჯოვი დააკავეს. ამჯერად დაკავება უკანონო მშენებლობის ბრალდებით მოხდა. ორუჯევიც პატიმრობაში იმყოფება, თუმცა მუხლი, რომლითაც მას ბრალი ედება, აღკვეთის ღონისძიების გატარებას არ გულისხმობს.

ბევრი აზერბაიჯანელი და უცხოელი ჟურნალისტი, ადგილობრივი უფლებადამცველი და საერთაშორისო ორგანიზაცია მივიდა იმ დასკვნამდე,  რომ ეს დაპატიმრებები უკანონოა  და პოლიტიკურადაა მოტივირებული.  Amnesty International-მა დაკავებულების გათავისუფლება მოითხოვა.

AbzasMedia-ს თანამშრომლების დაკავებიდან მალევე, აზერბაიჯანულმა სააგენტო Report-მა  გამოაქვეყნა ორი სტატია, სადაც ნათქვამია, რომ დასავლეთის ქვეყნებმა, განსაკუთრებით შეერთებულმა შტატებმა, “შექმნეს აგენტების ფართო ქსელი აზერბაიჯანში” და ისეთი ორგანიზაციების დახმარებით, როგორიცაა USAID, მხარს უჭერენ ” მარგინალიზებული ჯგუფებს, რომლებიც ეწინააღმდეგებიან ეროვნულ იდეას და არღვევენ საზოგადოების ჰარმონიას“. AbzasMedia-ს გარდა, ამ სააგენტოს ქსელის წარმომადგენლებად კიდევ რამდენიმე დამოუკიდებელი მედია და საზოგადოებრივი ორგანიზაცია იყო მოხსენიებული.

27 ნოემბერს ბაქოს ერთ-ერთ სასტუმროში  აზერბაიჯანში აშშ-ის საელჩოს ორგანიზებით  ამერიკული უნივერსიტეტის კურსდამთავრებულთა შეხვედრა  უნდა გამართულიყო. ღონისძიებამდე ორი დღით ადრე, Qafqazinfo-მ გამოაცხადა, რომ ეს იყო “სადაზვერვო ქსელის თანამშრომლების შეხვედრა”, რომელიც დაკომპლექტდა მათი აშშ-ში სწავლის დროს. გამოცემა არ წერს, საიდან გაჩნდა ეს ინფორმაცია. შედეგად, საელჩომ გადადო ყოველწლიური ღონისძიება და მის მიმართ ბრალდებები კომენტარის გარეშე დატოვა.

28 ნოემბერს აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაიბარა აშშ-ს, გერმანიისა და საფრანგეთის საელჩოების წარმომადგენლები და დაადანაშაულა, რომ AbzasMedia, ამ ქვეყნებში რეგისტრირებული ორგანიზაციებისა და თავად საელჩოების მონაწილეობით, „ახორციელებს უკანონო ფინანსურ ოპერაციებს”.

ამ ბრალდებებს ჯერჯერობით მხოლოდ გერმანიის საელჩო გამოეხმაურა. ფეისბუქზე გამოქვეყნებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ გერმანიის საელჩო ნამდვილად მხარს უჭერს მაგომედ კეკალოვის, როგორც შშმ პირთა პრობლემების მომგვარებელი  აქტივისტის საქმიანობას.

კანონი მედიის შესახებ, რომელიც 2021 წლის დეკემბერში იქნა მიღებული, კრძალავს ადგილობრივი მედიის დაფინანსებას უცხოელი დონორების მიერ, რომლებიც არ არიან აკრედიტებული აზერბაიჯანში. ხოლო კანონმდებლობაში ჯერ კიდევ 2014 წელს განხორციელებულმა ცვლილებებმა შეძლებისდაგვარად გაართულა გრანტების აკრედიტაციისა და რეგისტრაციის პროცესი.

თუმცა, როგორც მედია სამართლის ექსპერტი ალასგარ მამედლი განმარტავს, აკრძალვა ეხება მხოლოდ პირდაპირ დაფინანსებას, მაგრამ არ ზღუდავს ჟურნალისტებსა და რედაქციებს უცხოეთიდან კომერციული მომსახურების კონტრაქტების საფუძველზე დაფინანსების მიღებაში.

AbzasMedia  (როგორც სხვა დამოუკიდებელი აზერბაიჯანული მედიის უმეტესობა) არასოდეს ამხელს მის  დაფინანსების წყაროს. Kanal 13 კი, აზიზ ორუჯოვის მეუღლის თქმით, რამდენიმე წელია არსებობს მხოლოდ YouTube-ზე ნახვებით მიღებული ფულით.

პოლიტიკური დამკვირვებელი შაჰინ რზაევი, რომელიც სხვადასხვა დროს თანამშრომლობდა ისეთ საერთაშორისო ორგანიზაციებთან, როგორიცაა IWPR, International Alert და Conciliation Resources, თვლის, რომ ის, რაც ხდება, გამოწვეულია ბაქოსა და ვაშინგტონს შორის ურთიერთობების გაუარესებით აშშ-ის სენატის  მიერ კანონპროექტის „სომხეთის თავდაცვის აქტის“ მიღების გამო. მაგრამ მისი თქმით, საქმე მხოლოდ ამაში არ არის.

„წნეხი შეეხო ჟურნალისტებს, რომლებიც იძიებენ, როგორ იხარჯება ბიუჯეტის ფული ყარაბაღის რეკონსტრუქციაზე. რა თქმა უნდა, საკითხავია, ვინ და როგორ დააფინანსა ეს გამოძიებები. მაგრამ ამის გარკვევა დაპატიმრების გარეშეც შეიძლებოდა“, – ამბობს რზაევი.

ექსპერტი ყურადღებას ამახვილებს იმ ფაქტზე, რომ ზეწოლა არ შეხებია აშშ-სა და ევროპის მიერ დაფინანსებულ სხვა კრიტიკულ მედიას. „თუმცა ვარაუდობენ, რომ ეს ასევე უნდა იყოს გაფრთხილება მათთვის, რომ არ ჩაერიონ იქ, სადაც არ უნდა ჩაერიონ“, დასძენს ექსპერტი. 

საინფორმაციო სააგენტო Turan-ის  დირექტორს მეჰმან ალიევს, თავის მხრივ, არ სჯერა ბაქოს „აღშფოთების“ ვაშინგტონის მიმართ. „აშშ არის აზერბაიჯანის უსაფრთხოების გარანტი და აბსოლუტურად შეუძლებელია ბაქო ვაშინგტონის წინააღმდეგ წავიდეს. აშშ-ს კი არაფერი აქვს აზერბაიჯანის მთავრობის წინააღმდეგ“, – დარწმუნებულია ალიევი.

მასმედიაში ანტიამერიკულ კამპანიას ექსპერტი იმით ხსნის, რომ აზერბაიჯანს სურს „ასიამოვნოს რუსეთს“,  დაპატიმრებებს  კი უწოდებს „ზეწოლის ნაწილს, რომელსაც აზერბაიჯანის ხელისუფლება რეგულარულად იყენებს მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების ჩარჩოებში მოსაქცევად”.

მისი თქმით, რეპრესიების ახალი ტალღის დასაწყისი უნდა ჩაითვალოს არა AbzasMedia-ს, არამედ პოლიტეკონომისტ გუბად იბადოღლისგან, რომელიც 2023 წლის ივლისში დააკავეს გაყალბების ბრალდებით.

ორგანიზაციის „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ მიერ შედგენილი რეიტინგის მიხედვით აზერბაიჯანი 180 ქვეყნიდან 151-ე ადგილზეა 2023 წლის პრესის თავისუფლების რეიტინგში.

ნახეთ მეტი
Back to top button