საზოგადოება

თბილისის მერია „ძუძუს კიბოს სამკურნალო მედიკამენტების“ პროგრამის ყველა მოსარგებლეს სრულად დააფინანსებს

Interpressnews.ge წერს, რომ თბილისის მერია 2024 წლის იანვრიდან „ძუძუს კიბოს სამკურნალო მედიკამენტების“ პროგრამის ყველა მოსარგებლეს სრულად დააფინანსებს.

ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

„პროგრამის ფარგლებში, ძვირადღირებული სამკურნალო მედიკამენტები სოციალურად დაუცველთა ბაზაში მყოფი მოქალაქეების მსგავსად, პროგრამის ყველა მოსარგებლეს 100%-ით დაუფინანსდება. ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახური, აღნიშნულ ცვლილებამდე, პროგრამით გათვალისწინებულ მომსახურებას სოციალურად დაუცველის სტატუსის არ მქონე პირებს მხოლოდ 80%-ით, რიგ შემთხვევაში კი – 50%-ით უფინანსებდა. აღნიშნული გადაწყვეტილება კი პაციენტებისა და მათი ოჯახების ფინანსურ ტვირთს მნიშვნელოვნად შეამსუბუქებს“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, ძუძუს კიბოს ადრეული სტადიის შემთხვევაში, ერთ პაციენტს თბილისის მერია წლის განმავლობაში მინიმუმ 21 600 და მაქსიმუმ – 61 150 ლარით აფინანსებს, ხოლო მეტასტაზური ფორმის შემთხვევაში, მინიმუმ 40 500 და მაქსიმუმ 65 340 ლარით.

„ყველამ იცით, რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენთვის ჯანდაცვისა და სოციალური პროგრამები. ბევრი კარგი პროგრამა გვაქვს, რომლითაც იმ ადამიანებს და ოჯახებს ვეხმარებით, ვისაც ყველაზე მეტად სჭირდება ჩვენი თანადგომა. ეს დამოკიდებულება გაგრძელდება მომავალშიც. მსგავსი პროგრამებით ყველას გვერდით დავუდგებით, ვისთვისაც ეს მნიშვნელოვანია. მინდა, პირველ რიგში, ყველას ჯანმრთელობა ვუსურვო, რათა არავის არასდროს დასჭირდეს აღნიშნულ პროგრამაში მონაწილეობა,“ – აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

ნახეთ მეტი
Back to top button