ანალიტიკა

Business Insider. რა არის აღსანიშნავი სომხეთის მიერ ინდოეთიდან და საფრანგეთიდან იარაღის შეძენაში?

რუსეთის მოკავშირის მიერ ფრანგული და ინდური იარაღის შეძენა კიდევ ერთი ნიშანია იმისა, რომ მოსკოვი კარგავს გავლენას მეზობელ ქვეყნებზე. ამის შესახებ წერს Business Insider.

ბოლო კვირებში სომხეთმა შეუკვეთა საჰაერო თავდაცვის სისტემები და რადარები საფრანგეთს, ასევე საჰაერო თავდაცვის სისტემები ინდოეთს.

ცნობები მოდის მეზობელ აზერბაიჯანთან დაძაბულობის ფონზე, რომელთანაც სომხეთს არაერთი კონფლიქტი ჰქონდა, მათ შორის მიმდინარე წლის სექტემბერში, რომელიც დასრულდა აზერბაიჯანის მიერ მთიანი ყარაბაღის დაპყრობით და რეგიონიდან 120 000 სომეხის განდევნით.

სომხეთის სამხედრო შესყიდვები ასევე აღსანიშნავია იმით, რომ ერევანი დგამს ხელშესახებ ნაბიჯებს რუსულ სამხედრო ტექნიკაზე დამოკიდებულების შესამცირებლად, რაც, ფაქტობრივად, არ ეხმარება ერევანს გაუმკლავდეს აზერბაიჯანის მხრიდან მზარდ ზეწოლას.

2020 წელს სომხეთის ექვსკვირიანმა ომმა აზერბაიჯანთან მსოფლიოს ყურადღება მიიპყრო აზერბაიჯანის მიერ დრონების გამოყენებაზე. ერევანში იარაღის მიყიდვის შესახებ გამართულ პრესკონფერენციაზე საფრანგეთის თავდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ საჰაერო თავდაცვა “აბსოლუტურად საკვანძო მომენტია”. მან ასევე გამოაცხადა, რომ პარიზი ერევანს ყიდის სამ GM 200 რადარს და ხელს აწერს კონტრაქტს „მისტრალის“ მოკლე დისტანციის საჰაერო თავდაცვის სისტემების სამომავლო მიწოდებაზე.

„სომხეთის გადაწყვეტილება, შეუკვეთოს საჰაერო თავდაცვის სისტემები საფრანგეთს, მნიშვნელოვანი ნაბიჯია. ეს არა მხოლოდ აჩვენებს რუსეთს, რომ სომხეთს აქვს სხვა ქვეყნებთან თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის შესაძლებლობები. ეს ასევე წარმოადგენს მნიშვნელოვან წინგადადგმულ ნაბიჯს სომხეთის ძალისხმევაში არმიის მოდერნიზების მიმართულებით“, – აღნიშნა სამხედრო ექსპერტმა ჯეიმს როჯერსმა.

ნოემბრის დასაწყისში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ერევანი ასევე ყიდულობს დიდი რაოდენობით იარაღს ინდოეთიდან, მათ შორის Zen-ის ანტიდრონის სისტემებს. მანამდე, 2022 წელს, სომხეთმა შეიძინა ინდური წარმოების ოთხი მრავალლულიანი სარაკეტო გამშვები ,,პინაკა“.

ექსპერტმა ნიკოლას ჰერასმა აღნიშნა, რომ სომხეთი ახორციელებს საგარეო და ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკას ორი მიმართულებით, ქმნის თავდაცვის კოალიციებს ევრაზიაში მძლავრ მოთამაშეებთან, ასევე აუმჯობესებს სომხეთის შეიარაღებული ძალების შესაძლებლობებს აზერბაიჯანის საჰაერო ძალებისგან დასაცავად.

ინდოეთი სომხეთის ღირებული თავდაცვის პარტნიორია, რადგან მას აქვს დიდი თავდაცვის ინდუსტრია.

სომხეთის სამხედრო არსენალი დიდი ხანია ძირითადად რუსული იყო, მაგრამ ერევანი ცდილობს შეცვალოს ეს, რადგან მისი ურთიერთობა მოსკოვთან დაიძაბა, განსაკუთრებით 2020 წლის ომის შემდეგ, როდესაც აზერბაიჯანმა გამოიყენა ისრაელის და თურქული წარმოების იარაღი.

რუსეთი ვერ დაეხმარა სომხეთს, მიუხედავად იმისა, რომ ერევანი იყო მოსკოვის ხელმძღვანელობით კუხო-ში. რუსეთი უკრაინაში ომშია და, ალბათ, აღიზიანებს სომხეთის დასავლეთთან დაახლოება.

სომხეთის პარტნიორობა რუსეთთან კლებულობს და ფაშინიანი ნელ-ნელა, მაგრამ აუცილებლად აახლოებს სომხეთს ნატოსთან, თურქეთთან ურთიერთობების ნორმალიზების პერსპექტივის ჩათვლით.

ვაშინგტონმა და ერევანმა თავდაცვის მჭიდრო კავშირების მიმართ ორმხრივი ინტერესი  გამოხატეს სექტემბერში, როდესაც მათ ორმხრივი სამხედრო წვრთნები გამართეს.

რუსეთი, როგორც მოსალოდნელი იყო, ეწინააღმდეგებოდა წვრთნებს და ერევანი მას შემდეგ დისტანციას ინარჩუნებს. ფაშინიანმა გამოტოვა კუხო-ს სამიტი, რომელიც ნოემბრის შუა რიცხვებში გაიმართა და რუსეთმა ამაში დასავლეთი დაადანაშაულა.

ფაშინიანს არ სურს რუსეთზე დამოკიდებული იყოს სომხეთის ტერიტორიული მთლიანობისა და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად და მისი ძალისხმევა აშშ-თან ურთიერთობების დამყარების მიზნით ხელს უწყობს ამ მიზანს.

სხვა ქვეყნებიდან იარაღის შეძენაც ამ მიზანს ემსახურება.

მისტრალის რაკეტებს შედარებით მცირე დისტანცია აქვთ, რაც ვარაუდობს, რომ გაყიდვა განხორციელდა შესაძლო პოლიტიკური რეაქციის გათვალისწინებით. თურქეთმა გააკრიტიკა ერევნისთვის ფრანგული იარაღის მიყიდვა. აზერბაიჯანმა ასევე გააკრიტიკა ბოლო დროს საფრანგეთისა და ინდოეთის მიერ სომხეთისთვის იარაღის მიყიდვა. იმისათვის, რომ რეგიონში არ მომხდარიყო დესტაბილიზაცია და სამხედრო ოპერაციების გაჩაღების საფრთხის წინაშე დადგეს, სომხეთი და საფრანგეთი შეთანხმდნენ მოკლე დისტანციური სისტემების მიწოდებაზე.

სომხეთის საგარეო პოლიტიკის მთავარი პრობლემა არის ის, რომ მას არ შეუძლია რუსეთთან ურთიერთობის გაწყვეტა, მაგრამ ვერ ენდობა რუსეთს, თუ აზერბაიჯანთან ახალი ომი დაიწყება.

ნახეთ მეტი
Back to top button