პოლიტიკა

აფხაზეთსა და ცხინვალში მცხოვრებლებს ექნებათ არჩევანი: EU-ში მცხოვრები საქართველოს თუ რუსული პასპორტი

Netgazeti.ge წერს, რომ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებით, აფხაზეთსა და ცხინვალში მცხოვრებ ადამიანებს ექნებათ არჩევანი: ევროკავშირში მცხოვრები საქართველოს პასპორტი თუ რუსული პასპორტი.

ვაშაძის თქმით, რუსეთის მხრიდან მოსალოდნელია არაერთი პროვოკაციული ქმედება, რისი მიზანიც საქართველოს ევროკავშირისგან დაშორებაა.

„რუსეთი ბევრ პროვოკაციულ ქმედებაზე წავა იმისთვის, რომ აგვაცილოს საქართველოს ევროკავშირში დაჩქარებულ გაწევრიანებას. ჩვენი ამოცანა არის ევროკავშირში დაჩქარებული გაწევრიანება, რასაც მოაქვს მშვიდობა და ეკონომიკური კეთილდღეობა და ეს არის გზა ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისკენ, რადგან აფხაზეთსა და ცხინვალში მცხოვრებ ადამიანებს ექნებათ ძალიან კონკრეტული არჩევანი: ევროკავშირში მცხოვრები საქართველოს პასპორტი, რომელიც არის გზა ცივილური სამყაროსკენ, თუ რუსული პასპორტი, რომელიც არის სიკვდილისკენ და განადგურებისკენ სვლა, ამიტომაც რუსეთი ძალიან ბევრ პროვოკაციას შეეცდება და მთავარია, ჩვენ მშვიდობიანად გავიაროთ ეს პერიოდები“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

აფხაზეთის მოსახლეობის ნაწილის, აქტივისტების, სამოქალაქო საზოგადოებისა და ოპოზიციური ძალების ხანგრძლივი პროტესტის მიუხედავად, აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტი დღეს, 27 დეკემბერს, დილის 6 საათზე შეიკრიბა და ბიჭვინთის  სახელმწიფო აგარაკების რუსეთისთვის გადაცემის გადაწყვეტილება მიიღო.

გადაწყვეტილებას დამსწრე 28 [სულ 35] დეპუტატიდან 25-მა დაუჭირა მხარი.

დე ფაქტო პარლამენტი ჯერ კიდევ გვიან ღამით შეიკრიბა შენობაში. ამის შესახებ მთელი ღამის განმავლობაში სოციალური ქსელებში წერდა აფხაზური საზოგადოება, აქტივისტები, რომლებიც ეწინააღმდეგებოდნენ გადაწყვეტილებას. საზოგადოების ნაწილმა, საპროტესტო აქციის გამართვის მიზნით, დე ფაქტო პარლამენტის შენობასთან შეკრება, ასევე, გვიან ღამით დაიწყო. აქციის მონაწილეები დე ფაქტო პარლამენტის გადაწყვეტილებას “სამარცხვინოს” უწოდებენ და მის ანულირებას მოითხოვენ.

ამასთან, დე ფაქტო ხელისუფლება ირწმუნება, რომ რუსეთს 49- წლიანი იჯარით მხოლოდ სახელმწიფო აგარაკების შენობები გადაეცემა და არა მიწა, რომელზეც დგას ეს შენობები.

ნახეთ მეტი
Back to top button