კულტურა

პარლამენტმა სომხეთში საპატიო წოდებების გაუქმების პროექტი მიიღო

სომხეთში საპატიო წოდებების მინიჭება გაუქმდა.

„არმენპრესის“ ინფორმაციით, სომხეთის რესპუბლიკის კანონში „სომხეთის რესპუბლიკის სახელმწიფო ჯილდოებისა და საპატიო წოდებების შესახებ“ და მასთან დაკავშირებულ კანონებში ცვლილებების პაკეტი სომხეთის პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო.

ამჟამად მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრულია 17 საპატიო წოდება, რომელთა შორისაა სახალხო არტისტის, დამსახურებული არტისტის, ხელოვნების დამსახურებული მუშაკის, კულტურის დამსახურებული მუშაკის, დამსახურებული ჟურნალისტის და სხვა წოდებები. კანონპროექტი ითვალისწინებს საპატიო წოდებების გაუქმებას. დარჩა მხოლოდ ტიტული „დამსახურებული კოლექტივი“, რადგან ის არა ინდივიდს, არამედ კოლექტივს ენიჭება. ადრე გაცემული საპატიო წოდებები კი ძალაში რჩება.

პროექტის დასაბუთებით, წოდებები მოძველებულია, უარყოფითად მოქმედებს ჯანსაღ კონკურენციაზე და მორალურ-ფსიქოლოგიურ ატმოსფეროზეც კი. იუსტიციის სამინისტრომ, რომელმაც პროექტი წარადგინა, მიუთითა მოწინავე ქვეყნების გამოცდილებაზე, სადაც არ არსებობს საპატიო წოდებების ინსტიტუტი.

ნახეთ მეტი
Back to top button