პოლიტიკა

რუსეთი და რუსები უფრო დიდ იზოლაციაში იმყოფებიან, მათ შორის კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში. სტოლტენბერგი

ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა შვეიცარიაში, დავოსში, მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში გამართულ პანელზე განაცხადა, რომ რუსეთი და რუსები კიდევ უფრო დიდ პოლიტიკურ იზოლაციაში იმყოფებიან, მათ შორის კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში.

ნატოს გენერალური მდივნის თქმით, ის ფრთხილია უკრაინის ომის განვითარებასთან დაკავშირებით პროგნოზებში და კიდევ უფრო ფრთხილი პროგნოზებით „რა მოხდება რუსეთის შიგნით“.

„შარშან პრიგოჟინი ვნახეთ, შეიძლება იყოს სიურპრიზები. მაგრამ ჩვენ არ გვაქვს რაიმე ნიშანი იმისა, რომ დიდი ცვლილებები იქნება რუსეთის შიგნით, მაგრამ, რა თქმა უნდა, ეს შეიძლება იყოს მოულოდნელი“, – განაცხადა მან.

სტოლტენბერგის თქმით, ყველაფერი უნდა გაკეთდეს “რუსეთისთვის ფასის გასაზრდელად”.

„და რა თქმა უნდა, როდესაც მათ დაკარგეს 300 000 ჯარისკაცი, დანაკარგები, ათასობით ტექნიკა, ასობით თვითმფრინავი. ეს არის ის, რაც მნიშვნელოვანია რუსეთისთვის და რიგითი რუსებისთვის. მათი ეკონომიკა სირთულეებს განიცდის. ისინი მაღალ ეკონომიკურ ფასს იხდიან. ისინი უფრო დიდ პოლიტიკურ იზოლაციაში იმყოფებიან, მათ შორის ახლო საზღვარგარეთ, კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში. ამიტომ, ჩვენ არ შეგვიძლია დარწმუნებით ვიწინასწარმეტყველოთ რა მოხდება. მაგრამ რაც შეგვიძლია გავაკეთოთ არის მაქსიმალურად გავზარდოთ ალბათობა, რომ რაღაც ეტაპზე პრეზიდენტი (რუსი ვლადიმერ – რედ.) პუტინი მიხვდება, რომ ამ ომის გაგრძელება მას ძალიან ძვირი დაუჯდება“, – განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა.

იენს სტოლტენბერგის თქმით, სწორედ ამ შემთხვევაში “რაღაც ეტაპზე” რუსეთის პრეზიდენტი “უნდა დაჯდეს და შეთანხმდეს რაიმე სამართლიან, ხანგრძლივ მშვიდობაზე, რომელშიც უკრაინა იარსებებს, როგორც სუვერენული დამოუკიდებელი სახელმწიფო”.

ნახეთ მეტი
Back to top button