ანალიტიკა

EaP-ის ინდექსში მოლდოვა ლიდერობს, საქართველო მე-3 ადგილზეა

Netgazeti.ge წერს, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობის ინდექსის მიხედვით, ევროკავშირთან დაახლოების მიმართულებით მოლდოვა ლიდერობს, უკრაინა — მეორე, საქართველო კი მესამე ადგილზეა.

„აღმოსავლეთ პარტნიორობის ინდექსს“ აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმი აქვეყნებს. ეს არის მონიტორინგის ინსტრუმენტი, რომელიც ეხმარება, შეაფასოს აღმოსავლეთ პარტნიორობის ექვსი ქვეყნის საქმიანობა და მათი პროგრესი მდგრადი დემოკრატიული განვითარებისა და ევროპული ინტეგრაციისკენ.

EaP-ის ინდექსის თანახმად, უკრაინამ ომის მიუხედავად შეძლო თვალსაჩინო წინსვლის მიღწევა რეფორმებში ევროკავშირთან დაახლოების გზაზე. ხოლო საქართველოს აქვს მნიშვნელოვანი ვარდნა კარგი მმართველობისა და კანონის უზენაესობის კომპონენტში მიუხედავად იმისა, რომ 2023 წლის ნოემბერში მიენიჭა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი.

მეოთხე ადგილს იკავებს სომხეთი, სადაც გაზრდილია დემოკრატიის უკან დახევის ნიშნები. აზერბაიჯანი და ბელარუსი კი, ყველაზე დაბალი ქულებით, მე-5 და მე-6 ადგილზე არიან.

აღმოსავლეთ პარტნიორობის ინდექსის დაახლოების საერთო ქულები ქვეყნების მიხედვით ასე ნაწილდება:

  1. მოლდოვა — 0,7
  2. უკრაინა — 0,66
  3. საქართველო — 0,63
  4. სომხეთი — 0,61
  5. აზერბაიჯანი — 0,47
  6. ბელარუსი — 0,45

ინდექსის 2023 წლის გამოცემა აფასებს 2021 წლის სექტემბრიდან 2023 წლის ნოემბრამდე მიღწეულ პროგრესს სამ თემატურ სფეროში: 1). დემოკრატია, კარგი მმართველობა და კანონის უზენაესობა, 2. პოლიტიკის კონვერგენცია და 3. მდგრადი განვითარება. თემატური სფეროები, თავის მხრივ, ჩაშლილია ქვეთავებად.

აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების რეიტინგი დემოკრატიის, კარგი მმართველობა და კანონის უზენაესობის სფეროში:

  1. მოლდოვა — 0,78
  2. უკრაინა — 0,72
  3. სომხეთი — 0,7
  4. საქართველო — 0,65
  5. აზერბაიჯანი — 0,37
  6. ბელარუსი — 0,24

პოლიტიკის დაახლოება ევროკავშირთან:

  1. საქართველო — 0,64
  2. მოლდოვა — 0,64
  3. უკრაინა — 0,6
  4. სომხეთი — 0,57
  5. აზერბაიჯანი — 0,5
  6. ბელარუსი — 0,38

მდგრადი განვითარება:

  • ბელარუსი — 0,72
  • მოლდოვა — 0,68
  • უკრაინა — 0,67
  • საქართველო — 0,6
  • სომხეთი — 0,55
  • აზერბაიჯანი — 0,53

აღსანიშნავია, რომ 2021 წელთან შედარებით, ყველა ქვეყნის ქულა, გარდა აზერბაიჯანისა (+0.01), შემცირებულია.

ანგარიშში ხაზგასმულია, რომ რუსეთის აგრესიამ უკრაინაში არათუ შეასუსტა, გააძლიერა ურთიერთობები ევროკავშირსა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის — უკრაინამ და მოლდოვამ 2022 წლის ივნისში მიიღეს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი, მათი განაცხადების წარდგენიდან სულ რაღაც ოთხი თვის შემდეგ.

2023 წლის აღმოსავლეთ პარტნიორობის ინდექსი მიუთითებს, რომ მოლდოვა და უკრაინა სტაბილურად ახორციელებენ ისეთ სისტემურ ცვლილებებს, რომლებსაც ბრიუსელი მათგან მოელის. მოლდოვის მოწინავე ადგილი ახსნილია შთამბეჭდავი შედეგებით საარჩევნო რეფორმაში, პოლიტიკური პლურალიზმის, კორუფციასთან ბრძოლისა და თანაბარი შესაძლებლობების შექმნის მიმართულებით.

ინდექსის თანახმად, უკრაინის ქულა შეასუსტა ომმა და საომარი მდგომარეობიდან გამომდინარე დაწესებულმა შეზღუდვებმა. ამავდროულად, ომს არ დაუკარგავს უკრაინის რეფორმებისკენ სწრაფვა. სფეროები, რომლებშიც უკრაინას ყველაზე მეტი პროგრესი აქვს, მოიცავს დამოუკიდებელ მედიას, აზრისა და გამოხატვის თავისუფლებას და შეკრებისა და გაერთიანების თავისუფლებას, დამოუკიდებელ სასამართლო სისტემასა და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლას. ომის უარყოფითი გავლენა უკრაინის EaP ინდექსზე ყველაზე ნათლად გამოჩნდა სახელმწიფო ანგარიშვალდებულების შემცირებაში.

აღმოსავლეთ პარტნიორობის ინდექსი ასევე აღნიშნავს, რომ უკრაინისა და მოლდოვის ევროკავშირთან დაახლოება არ არის შეუქცევადი პროცესი და გარე გარემოებების ან უბრალოდ რეფორმების შესუსტების შემთხვევაში შეიძლება შეიცვალოს. სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები ზოგჯერ სკეპტიკურად არიან განწყობილნი იმ გზების გამო, რომლითაც მთავრობები ახორციელებენ ევროკავშირთან დაკავშირებულ რეფორმებს და სამოქალაქო საზოგადოებასთან კონსულტაციები არასტრუქტურირებული და გაუმჭვირვალეა.

რაც შეეხება საქართველოს, Eap-ის ინდექსის თანახმად, მან დაკარგა მნიშვნელოვანი ადგილი როგორც დემოკრატიის, ისე კარგი მმართველობის და პოლიტიკის კონვერგენციის ინდიკატორებში.

„საქართველოს მაჩვენებლები ხასიათდებოდა მნიშვნელოვანი დაღმავალი ტრაექტორიით, თუ არა მკვეთრი დაცემით ბევრ სფეროში, რაც ასახავს ქვეყნის პოლიტიკურ პოლარიზაციას. მნიშვნელოვანი კლება დაფიქსირდა ამ ინდექსით ზედამხედველობის თითქმის ყველა თემატურ სფეროში (კერძოდ, დემოკრატიული უფლებები, არჩევნები და პოლიტიკური პლურალიზმი, კორუფციასთან ბრძოლა, ადამიანის უფლებების დაცვის მექანიზმები, სახელმწიფო ანგარიშვალდებულება, დამოუკიდებელი მედია, საჯარო ადმინისტრაცია, საბაზრო ეკონომიკა, თავისუფლება, უსაფრთხოება და სამართლიანობა, გარემოს და კლიმატის პოლიტიკა), შეკრების თავისუფლების გამოკლებით“, — ნათქვამია ანგარიშში.

EaP-ის ინდექსის 2023 გამოცემა შედგენილია აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის (EaP CSF) მმართველი კომიტეტის სამდივნოს ძირითადი გუნდის მიერ, რომელსაც ხელმძღვანელობს ალექსანდრა საბუ. ამ პუბლიკაციის შემუშავების პროცესში, EaP CSF-ის გუნდმა გამოიყენა 65 ადგილობრივი ექსპერტის, სექტორის კოორდინატორებისა და ავტორების მოსაზრებები. საქართველოდან ჩართულ ექსპერტებს შორის არიან: გიორგი დავითური, კახა გოგოლაშვილი, მარი გაბედავა, გელა კვაშილავა, თუთანა კვარაცხელია, კორნელი კაკაჩია, მანანა ქოჩლაძე, თამარ ხიდაშელი, თამარ პატარაია.

ნახეთ მეტი
Back to top button