მთავარიპოლიტიკა

ამოიწურა გაეროს საერთაშორისო სასამართლოში აზერბაიჯანის მიერ  არცახის შესახებ ანგარიშის წარდგენის ვადა

2023 წლის 17 ნოემბერს გაეროს მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლომ გამოაქვეყნა აზერბაიჯანის წინააღმდეგ სომხეთის მიმართვის ნაწილში მისი გადაწყვეტილება აზერბაიჯანის წინააღმდეგ დროებითი ღონისძიების გამოყენების შესახებ. აღსანიშნავია, რომ 19 სექტემბერს, არცახში განხორციელებული სამხედრო აგრესიის და ეთნიკური წმენდის შემდეგ, 28 სექტემბერს, სომხეთმა მთიანი ყარაბაღის სომეხი მოსახლეობის მიმართ ყველანაირი რასობრივი დისკრიმინაციის აღმოფხვრის შესახებ საერთაშორისო კონვენციის სავარაუდო დარღვევასთან დაკავშირებით გაეროს მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოში აზერბაიჯანის წინააღმდეგ შეიტანა სარჩელი. სომხეთმა მიმართა აზერბაიჯანის წინააღმდეგ დროებითი ღონისძიების გამოყენების მოთხოვნით, რომ ბაქომ უარი თქვას „ნებისმიერ ქმედებებზე, რომლებიც პირდაპირ თუ ირიბად მიზნად ისახავს მთიანი ყარაბაღიდან დარჩენილი ეთნიკური სომეხების დეპორტაციას“ და წარმოადგინა რიგი სხვა მოთხოვნები. „სასამართლო ასკვნის, რომ აზერბაიჯანი ვალდებულია უზრუნველყოს იმ პირთა შეუფერხებელი და უსაფრთხო დაბრუნება, რომლებმაც დატოვეს მთიანი ყარაბაღი 19 ნოემბრის შემდეგ განვითარებული მოვლენების დროს. მეორეც, ადამიანებს, რომლებიც 19 სექტემბრის შემდეგ დარჩნენ მთიან ყარაბაღში და ისევ იქ არიან, უნდა ჰქონდეთ იქიდან წასვლის საშუალება, სურვილის შემთხვევაში. მესამე, უზრუნველყოს ყარაბაღში პირთა შეუფერხებელი და უსაფრთხო შესვლა და გასვლა“, – განაცხადა სასამართლოს თავმჯდომარემ ჯოან დონაჰიუმ. სასამართლომ მიიჩნია, რომ არსებობს შეუქცევადი ზიანის მიყენების რისკი კონვენციით გათვალისწინებული უფლებების დარღვევასთან დაკავშირებით, ეს რისკი გადაუდებელია სასამართლოს მიერ ამ საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე და „აზერბაიჯანი ვალდებულია უზრუნველყოს მათი დაბრუნება ვისაც სურვილი აქვს, ასევე შესაძლებლობა შეუქმნან, უსაფრთხოდ იცხოვრონ თავიანთ საცხოვრებელ ადგილას”.

საერთაშორისო სასამართლომ ასევე დაავალა აზერბაიჯანს, შეენარჩუნებინა და არ გაენადგურებინა მთიანი ყარაბაღის მაცხოვრებლების საკუთრების უფლებების დამადასტურებელი დოკუმენტები, რომლებიც ბაქომ თავის კანონმდებლობაში უნდა შეიტანოს. გადაწყვეტილება აზერბაიჯანს ავალდებულებდა 8 კვირის ვადაში სასამართლოსთვის წარედგინა დასკვნა მითითებული მიმართულებებით ჩატარებული სამუშაოების შესახებ. მოხსენების 8 კვირიანი ვადა უკვე ამოიწურა. სხვათა შორის, მოხსენება სომხეთსაც გაეგზავნება, რომელსაც შეეძლება ამის შესახებ კომენტარის წარმოდგენა.

ემა ჩობანიანი

ნახეთ მეტი
Back to top button