საზოგადოება

პროკურატურა ქოლ-ცენტრების საქმეზე რამდენიმე ადგილას საგამოძიებო მოქმედებებს ატარებს

Netgazeti.ge წერს, რომ საქართველოს პროკურატურა აცხადებს, რომ საერთაშორისო გამოძიების ფარგლებში, თბილისში, რამდენიმე ადგილზე საგამოძიებო-საპროცესო მოქმედებებს ატარებს.

„საქართველოს პროკურატურა ევროპელ კოლეგებთან ერთად აქტიურად აგრძელებს ტრანსნაციონალური თაღლითური ქოლცენტრების წინააღმდეგ გამოძიებას. საქმე ეხება ევროპელ პარტნიორებთან ერთად მიმდინარე გამოძიების ფარგლებში გამოვლენილ ტრანსნაციონალურ დანაშაულს, კერძოდ, თაღლითური ქოლცენტრების სისხლის სამართლის საქმეს“, — ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

მანამდე მედიამ გაავრცელა ინფორმაცია თბილისში, რიჩარდ ჰოლბრუკის ქუჩაზე სპეცოპერაციის მიმდინარეობის შესახებ.

საქართველოში მიმდინარეობს გამოძიება ე.წ. ქოლ-ცენტრების მეშვეობით თაღლითობასა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ტრანსნაციონალური დანაშაულის საქმეზე.

ბრიტანული BBC-ის ჟურნალისტური გამოძიების თანახმად, საქართველოს ყოფილი თავდაცვის მინისტრი და „ფორმულას“ მფლობელი დავით კეზერაშვილი დაკავშირებულია „ასობით სხვადასხვა საინვესტიციო ბრენდის გლობალურ თაღლითურ ქსელთან“, რომელმაც კლიენტთა მოტყუების გზით მილიარდ დოლარზე მეტი გამოიმუშავა.

თავად კეზერაშვილი საპასუხო განცხადებაში აღნიშნავს, რომ BBC-ის საგამოძიებო მასალაში აღწერილ ე.წ. ქოლ-ცენტრებთან კავშირი არასდროს ჰქონია.

ოპოზიციაში, თავის მხრივ, ხელისუფლებას ადანაშუალებენ ქოლ-ცენტრების მფარველობაში. შარშან „ქართულმა ოცნებამ“ მხარი არ დაუჭირა ქოლ-ცენტრების საქმეზე საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნას, რისი ინიციატივითაც პარტია „საქართველოსთვის“ გამოვიდა.

ნახეთ მეტი
Back to top button