საერთაშორისო

სამძიმარი სტიქიის ზონაში გარდაცვლილთა ოჯახებს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ბაღდათის სოფელ ნერგეეთსა და აჭარის რეგიონში სტიქიის შედეგად დაღუპულების გამო მწუხარებას გამოთქვამს და მათ ოჯახებსა და ახლობლებს უსამძიმრებს.

„შემაძრწუნებელია ის ტრაგედიები, რომლებიც ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ნერგეეთსა და აჭარის რეგიონში სტიქიებს მოჰყვა.

ვუსამძიმრებ დაღუპულთა ოჯახის წევრებსა და ახლობლებს. ამ დანაკარგს თითოეული ჩვენგანი განიცდის.

ჩვენი გმირი მაშველები თავს არ ზოგავენ ძებნა-შველის ოპერაციაში. ვლოცულობთ დაკარგულთა გადარჩენისთვის“,- წერს შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში.

ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ დასავლეთ საქართველოში სტიქიის შედეგად დაღუპული ადამიანების გამო,- ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა.

პრეზიდენტი იმედოვნებს, რომ სტიქიაში მოყოლილი ადამიანები სწრაფად და უვნებლად დაუბრუნდებიან თავიანთ ოჯახებს.

„ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ დასავლეთ საქართველოში სტიქიის შედეგად დაღუპული ადამიანების გამო.

ვუსამძიმრებ და ამ მძიმე წუთებში თანადგომას ვუცხადებ მათ ოჯახებსა და ახლობლებს.

იმედია, რომ სტიქიაში მოყოლილი ადამიანები, რომელთა გადარჩენასაც ჩვენი მაშველები ცდილობენ, სწრაფად და უვნებლად დაუბრუნდებიან თავიანთ ოჯახებს”,-აღნიშნავს პრეზიდენტი.

ცნობისთვის, ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ნერგეეთში გამთენიისას, დაახლოებით ორ საათზე, მიწის მასა ჩამოიშალა და ოთხი საცხოვრებელი სახლი მოიყოლა.

შემთხვევის შედეგად დაიღუპა ოთხი პირი. მაშველებმა ერთი ადამიანის გადარჩენა მოახერხეს, ის საავადმყოფოშია გადაყვანილი. ამ დროისთვის, 5 პირის სამძებრო სამუშაოები აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს.

ადგილზე 200-ზე მეტი მეხანძრე – მაშველია მობილიზებული.

ნახეთ მეტი
Back to top button