საერთაშორისო

გეოგრაფიულ სივრცეს ნაკლებად მიენიჭება უპირატესობა, მთავარია, ვინ შემოგვთავაზებს უკეთეს პირობებს – კობახიძე ანაკლიაზე

პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ანაკლიის პორტის აშენებასთან დაკავშირებით უპირატესობა იმ კომპანიას მიენიჭება, რომელიც სახელმწიფოს უკეთეს პირობებს შესთავაზებს.

ამის შესახებ, როგორც „ნეტგაზეთის წერს, მან პარლამენტში ოპოზიციასთან თავის სამთავრობო გეგმის წარდგენისას ისაუბრა.

კობახიძის თქმით, ნაკლებ პრიორიტეტული იქნება ის, თუ რომელი „გეოგრაფიულ სივრციდან“ იქნება ეს კომპანია წარმოდგენილი.

„რაც შეეხება ანაკლიის საკითხს, ვიკითხე და არავის უთქვამს, რომ ჩინური კომპანია უპირატესობით ისარგებლებს. პროცედურები წარიმართება, 2 პრეტენდენტია ამჯერად, რომელიც უკეთეს პირობებს შემოგვთავაზებს, ის კომპანია გაიმარჯვებს. ამ შემთხვევაში, გეოგრაფიულ სივრცეს ნაკლებად მიენიჭება უპირატესობა. მთავარია, ვინ შემოგვთავაზებს უკეთეს პირობებს. ბუნებრივია, ეს არის სახელმწიფოს პრიორიტეტი“, — განაცხადა ირაკლი კობახიძემ.


საქართველოს მთავრობა ანაკლიის ახალი ღრმაწყლოვანი ნავსადგურის ასაშენებლად კერძო ინვესტორს არჩევს, რომელთან ერთადაც უნდა დაფუძნდეს პორტის მშენებელი ერთობლივი კომპანია, სადაც სახელმწიფო 51%-ის მფლობელი იქნება, ხოლო კერძო პარტნიორი — 49%-ის.

კერძო პარტნიორის შერჩევის მეორე ეტაპზე ორი კომპანია გადავიდა, რომელსაც მთავრობა არ ასახელებს. თუმცა, ეკონომიკის მინისტრის თქმით, ეს შვეიცარიულ-ლუქსემბურგული და ჩინურ-სინგაპურული კომპანიები არიან.

მთლიანობაში კი, მინისტრის თქმით, პორტის მშენებლობაში კერძო პარტნიორობის სურვილი გამოთქვა ოთხმა კომპანიამ. იმ ორი კომპანიიდან, რომელიც შემდეგ ეტაპზე ვერ გადავიდა, ერთი ისრაელიდანაა, ხოლო მეორე — ასევე ჩინეთიდან.

შესაბამისად, თუ საქართველოს მთავრობის მიერ აქამდე გახმიანებულ ინფორმაციას დავეყრდნობით, აზერბაიჯანულ კომპანიებს ანაკლიის პორტის კერძო პარტნიორობის სურვილი კონკურსში მონაწილეობით არ გამოუხატავთ.

ნახეთ მეტი
Back to top button