რუსეთის ფედერაციასა და სომხეთის რესპუბლიკას ერთმანეთის მიმართ აქვთ ვალდებულებები ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის შენარჩუნების კუთხით – ზახაროვა
რუსეთის ფედერაციასა და სომხეთის რესპუბლიკას აქვთ ვალდებულებები ერთმანეთის მიმართ, მათ შორის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის დაცვისა და უსაფრთხოების კუთხით.
ამის შესახებ 7 თებერვალს გამართულ ბრიფინგზე რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ ჟურნალისტის შეკითხვას უპასუხა, მიიღო თუ არა რუსეთმა სომხეთისგან გარკვეული სიგნალები საგარეო პოლიტიკური ვექტორის ცვლილებების შესახებ.
„ჩვენი ქვეყნები აგრძელებენ პარტნიორობას და ვიმედოვნებთ, რომ სომხეთის ხელისუფლება ამ ყველაფერს გაითვალისწინებს მიმდინარე გეოპოლიტიკური ცვლილებების ფონზე და გააკეთებს სწორ არჩევანს. ერევანი ასევე ექვემდებარება CSTO-ს კოლექტიური უსაფრთხოების გარანტიებს, მათ შორის შესაძლო სამხედრო აგრესიის შემთხვევაში“, – განაცხადა ზახაროვამ და ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთსა და სომხეთს შორის არსებობს სამართლებრივი დოკუმენტების ბაზა უსაფრთხოებისა და სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობის სფეროებში.