პოლიტიკა

მთავრობის კრიტიკის შემდეგ ზურაბიშვილის ადმინისტრაცია აცხადებს, რომ ალიევს მიულოცეს

,,Netgazeti.ge წერს, რომ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა აზერბაიჯანის პრეზიდენტს, „როგორც ყველა მეგობარი და პარტნიორი ქვეყნის პრეზიდენტს, ოფიციალური წერილით მიულოცა პრეზიდენტის პოსტზე არჩევა“.

ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ განაცხადა მას შემდეგ, რაც სამთავრობო მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ სალომე ზურაბიშვილს ილჰამ ალიევისთვის არჩევნებში გამარჯვება არ მიულოცავს და „ქართულ ოცნებაში“ პრეზიდენტი მწვავედ გააკრიტიკეს.

სალომე ზურაბიშვილის მისალოცი წერილი, პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, 9 თებერვლით არის დათარიღებული.

წყარო: საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია

დღეს, 12 თებერვალს, კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ „პოლიტიკური სიბეცე“ უწოდა სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტილებას, ირაკლი ჩიქოვანმა კი — „უგუნური გადაწყვეტილება“.

„საქართველოს პრეზიდენტის დუმილი ამ წუთამდე, რომელიც გულისხმობს ბატონი ალიევისთვის მილოცვისთვის თავშეკავებას, დამაზიანებელია ჩვენი სახელმწიფოსთვის… ეს პოლიტიკურად სიბეცეს ნიშნავს, მაგრამ ამას კიდევ არა უშავს. ვფიქრობ, რომ სალომე ზურაბიშვილი აგრძელებს დავალებების შესრულებას ე.წ. პატრონებისგან, ამასთან უნდა გვქონდეს საქმე“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

მეორე ვიცე-პრემიერმა, თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ჩიქოვანმა თქვა, რომ მისთვის „გაუგებარია ის უმოქმედობა, რომელსაც პრეზიდენტი იჩენს“.

„ჩვენ გვაქვს სტრატეგიული პარტნიორობა და თანამშრომლობა აზერბაიჯანთან, გვაქვს განსაკუთრებული ურთიერთობა აზერბაიჯანის ლიდერთან. საქართველოს აბსოლუტურად ყველა ლიდერს ჰქონია განსაკუთრებული ურთიერთობა, რამაც ხელი შეუწყო წარმატებული პროექტების განხორციელებას. მეორე მხრივ, ელემენტარული დიპლომატიური ეტიკეტის საკითხია, რომ პრეზიდენტის მილოცვა აქამდე ბევრჯერ უნდა გაჟღერებულიყო. ვერ გეტყვით, რამდენად გამოდგება გამართლება, რომელსაც ზოგიერთი პრეზიდენტის ზოგიერთი დამცველი იყენებს, რომ თითქოს ოფიციალური შედეგები ჯერ არ არის ცნობილი მაშინ, როდესაც ეს შედეგები საკმარისია იმისთვის, რომ ევროკავშირის ლიდერებმა, სხვა სახელმწიფოების ლიდერებმა, მათ შორის ჩვენმა პრემიერ-მინისტრმა, გამოიყენოს და უსურვოს წარმატება ახალი პრეზიდენტობის პირობებში ბატონ ალიევს“, — განაცხადა ჩიქოვანმა.

წულუკიანის მსგავსად, ირაკლი ჩიქოვანმაც არ გამორიცხა, რომ ეს „სქემის და დავალების ნაწილი“ იყოს, რომელსაც პრეზიდენტი ასრულებს.

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ თქვა, რომ სალომე ზურაბიშვილი მეგობარ ქვეყანას და მის პრეზიდენტს შეგნებულად არ ულოცავს გამარჯვებას, მიზანმიმართულად ვნებს ჩვენს ქვეყანას და ეს არის მავნებლობის კიდევ უფრო მაღალი ხარისხი.

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა საპრეზიდენტო არჩევნებში გაიმარჯვა და თანამდებობაზე, სულ მცირე, მორიგი შვიდი წლით დარჩება. საბოლოო შედეგები ჯერ არ არის გამოქვეყნებული, თუმცა, წინასწარი შედეგებით, ალიევს ხმათა 92% აქვს, ხოლო კიდევ ერთ კანდიდატს – ორ პროცენტზე ოდნავ მეტი.

ნახეთ მეტი
Back to top button