პოლიტიკა

დააპატიმრებენ თუ არა პუტინს სომხეთში ჩასვლის შემთხვევაში? კირაკოსიანს გაუჭირდა გარკვევით პასუხის გაცემა

დააპატიმრებენ თუ არა რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს, თუ ის სომხეთში ჩამოსვლას გადაწყვეტს? სომხეთის წარმომადგენელმა საერთაშორისო სამართლებრივ საკითხებში ეღიშე  კირაკოსიანმა საზოგადოებრივი ტელევიზიისთვის მიცემულ ინტერვიუში ამ კითხვაზე საპასუხოდ განაცხადა, რომ პრობლემის მოგვარების მხოლოდ ერთი გზა არსებობს.

„იმუნიტეტის საკითხი საკამათოა, რადგან ორ განსხვავებულ სასამართლოს, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს და იუსტიციის საერთაშორისო სასამართლოს, განსხვავებული მიდგომები აქვთ მოქმედი პრეზიდენტების იმუნიტეტის მიმართ. რომის სტატუტის რატიფიცირების დროს ჩვენ შევთავაზეთ რუსულ მხარეს ხელი მოეწერა ორმხრივ შეთანხმებას სტატუტის მუხლებზე დაყრდნობით, რომლის მიხედვითაც სახელმწიფოებს შეუძლიათ ჰქონდეთ ორმხრივი ხელშეკრულებები, რომლებითაც ისინი ასრულებენ გარკვეულ ვალდებულებებს და შეიძლება მხად ყოფილიყვნენ გამონაკლისებისათვის.  ასეთი წინადადება რუსულ მხარეს გასული წლის აპრილში გადაეგზავნა, მაშინ რატიფიკაციამდე იყო დისკუსია, მაგრამ, სამწუხაროდ, ხელშეკრულების გაფორმება ვერ მოხერხდა. ვფიქრობ, საუკეთესო მექანიზმი, რომელიც ამ პრობლემას მოაგვარებს, ეს არის. იმედი მაქვს, რომ საგარეო საქმეთა სამინისტროს პარტნიორები იმუშავებენ ამ მიმართულებით ჩვენს რუს პარტნიორებთან. მე არ ვიცი სხვა უკეთესი შეთავაზება, რომელიც შეიძლება იყოს“, – თქვა მან.

კითხვაზე: ერევნის მიერ შემოთავაზებული ხელშეკრულების ხელმოწერა საშუალებას მისცემს ვლადიმერ პუტინს სომხეთში უპრობლემოდ ჩავიდეს, კირაკოსიანმა უპასუხა, რომ ეს მაინც შექმნის გარკვეულ სამართლებრივ საფუძველს.

გამოდის, რომ ამ შემთხვევაშიც არ არსებობს გარანტია, რომ პუტინს სომხეთში არ დააპატიმრებენ. კირაკოსიანმა ამ დამაზუსტებელ კითხვაზე მკაფიო პასუხი არ გასცა და თქვა, რომ უკეთესი იქნებოდა, შეთანხმება რომის სტატუტის რატიფიკაციამდე გაფორმებულიყო.

“ეს არის ერთადერთი შესაძლო ვარიანტი რატიფიკაციის შემდეგ პრობლემის გადასაჭრელად, სხვა ვარიანტი არ არსებობს”, – განაცხადა კირაკოსიანმა და უჭირდა იმის თქმა, თუ რატომ არ სურს რუსულ მხარეს სომხეთთან ასეთი შეთანხმების გაფორმება.

შეგახსენებთ, რომ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის სასამართლოში წარდგენის ორდერი გასცა, რისი შესრულებაც სასამართლოს წევრ  ქვეყნებს ევალებათ და სომხეთი რამდენიმე დღეში ოფიციალურად გახდა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს წევრი. თვეების წინ პარლამენტმა რატიფიცირება მოახდინა სასამართლოს წესდების – რომის სტატუტის. პროცესის დაწყებიდან მოსკოვი აცხადებს, რომ ერევნის ამ ნაბიჯს მიუღებლად, თუნდაც მტრულად მიიჩნევს. ბრიტანულ “The Telegraph”-თან ინტერვიუში პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა არ გასცა მკაფიო პასუხი კითხვაზე, მიიღება თუ არა გადაწყვეტილება რუსეთის პრეზიდენტის სომხეთში ჩასვლის შემთხვევაში დაკავების შესახებ.

ნახეთ მეტი
Back to top button