საერთაშორისო

საფრანგეთმა აღმოაჩინა ქსელი 193 ვებსაიტისაგან, რომლებიც ავრცელებდნენ რუსულ პროპაგანდას დასავლეთის ქვეყნებში

საფრანგეთის სამთავრობო სააგენტო VIGINUM-მა  რომელიც პასუხისმგებელია უცხოური ციფრული ჩარევისგან დაცვაზე, განაცხადა, რომ აღმოაჩინა ვებსაიტების კოორდინირებული ქსელი, რომელიც ავრცელებს რუსულ პროპაგანდას დასავლეთის ქვეყნებში. ამის შესახებ წერს NEWS.AM-ი.

სამსახურის ცნობით, ქსელი სულ მცირე 193 საიტისგან შედგება. თავდაპირველად ისინი აქვეყნებდნენ სიახლეებს უკრაინული და რუსული დასახლებებიდან, მაგრამ რუსეთის შემოჭრის შემდეგ, ქსელმა გადაინაცვლა დასავლეთის ქვეყნების მაცხოვრებლებზე, რომლებიც მხარს უჭერენ უკრაინას, მათ შორის საფრანგეთში.

სააგენტომ აღნიშნა, რომ ქსელი, სახელად Portal Kombat, აქვეყნებს მასალებს, რომლებიც ამართლებს რუსული ჯარების უკრაინაში შეჭრას.

სააგენტოს ცნობით, საიტები არ ქმნიან საკუთარ კონტენტს, არამედ ავრცელებენ პუბლიკაციებს სამი წყაროდან: რუსი ან პრორუსული მოღვაწეების სოციალური ქსელებიდან, ასევე რუსული საინფორმაციო სააგენტოებისა და სამთავრობო ორგანოებიდან. 2023 წლის 23 ივნისიდან 19 სექტემბრის ჩათვლით ამ ვებგვერდებზე 150 000-ზე მეტი სტატია გამოქვეყნდა.

სააგენტომ ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტზეც, რომ ვებგვერდები ძალიან ჰგავს ერთმანეთს. ზოგიერთმა მათგანმა დომენის სახელად გამოიყენა სიტყვა „პრავდა“, მაგალითად pravda-en.com ინგლისური საიტისთვის და pravda-fr.com ფრანგულისთვის.

ნახეთ მეტი
Back to top button