კანდიდატის სტატუსი, რომელიც საქართველოს მიენიჭა, უკვე აჩვენებს სარგებელს – ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარი
კანდიდატის სტატუსი, რომელიც საქართველოს ორი თვის წინ მიენიჭა, უკვე აჩვენებს სარგებელს, – ამის შესახებ ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა, ოლივერ ვარჰეიმ საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს სხდომის შემდეგ უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელთან, ჯოზეფ ბორელსა და საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ვარჰეიმ ასევე ისაუბრა იმის შესახებ, რა საკითხებზე შეთანხმდნენ საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს დღევანდელ სხდომაზე.
„მიმაჩნია, რომ კანდიდატის სტატუსი, რომელიც საქართველოს მიენიჭა მხოლოდ და მხოლოდ ორი თვის წინ, უკვე აჩვენებს იმ სარგებელს, რაც მოაქვს სტატუსს. დივიდენდებიც მოაქვს არა მარტო საქართველოსთვის და ქართველი ხალხისთვის, არამედ ევროკავშირისთვისაც. შევთანხმდით, რომ დავაჩქარებთ მუშაობის ტემპს, რათა შედეგები იყოს ევროკავშირისა და ცხრა რეკომენდაციის განხორციელების გზაზე, მოხდეს სამოქმედო გეგმის შესრულება, იქნება ეს ეკონომიკური, საინვესტიციო გეგმა თუ, ზოგადად, ქვეყანაში რეფორმების განხორციელება, რათა ქვეყანა ნამდვილად ევროპულ სახელმწიფოდ იქცეს და ევროპის ერთიანი ბაზრის წევრი გახდეს“, – განაცხადა ოლივერ ვარჰეიმ.