სომხეთის პრემიერ-მინისტრი აზერბაიჯანის მხრიდან ახალი თავდასხმის საშიშროების შესახებ აცხადებს
აზერბაიჯანი არ ემორჩილება გრძელვადიანი სამშვიდობო შეთანხმების გასაფორმებლად აუცილებელ პრინციპებს, განაცხადა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა France 24-თან ინტერვიუში.
მისი ვარაუდით აზერბაიჯანი აპირებს მორიგი შეტევის განხორციელებას.
აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან შეხვედრიდან რამდენიმე დღეში ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ ორ ქვეყანას შორის არსებული კრიზისის მშვიდობიანი მოგვარების დაპირებებს აზერბაიჯანის ქმედებები უარყოფს.
„ბაქო დღევანდელ სომხეთს „დასავლეთ აზერბაიჯანად“ განიხილავს“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ფაშინიანმა.
მისი თქმით, პრეზიდენტ ილჰამ ალიევს არ სურს სამშვიდობო შეთანხმება ტერიტორიული მთლიანობის ორმხრივ აღიარებაზე, არამედ სურს სომხეთში ახალი ტერიტორიების ოკუპაცია.
რაც შეეხება საფრანგეთის მიერ თავისი ქვეყნისთვის გაწეულ სამხედრო დახმარებას, პრემიერ-მინისტრმა უარყო ბაქოს ბრალდებები იმის შესახებ, რომ პარიზი „ცეცხლზე ნავთს ასხამს“ და ხაზგასმით აღნიშნა, რომ აზერბაიჯანი, თავის მხრივ, „მილიარდობით ევროს“ ხარჯავს საკუთარი იარაღის შესაძენად.