საზოგადოება

რესპუბლიკური საავადმყოფოს რეორგანიზაციის პროცესი გაჩერდება, შენობა არ დაინგრევა – კობახიძე

Netgazeti.ge წერს, რომ პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, შეჩერდება რესპუბლიკური საავადმყოფოს რეორგანიზაციისა და შენობის დემონტაჟის პროცესი.

კობახიძემ ეს განცხადება 24 თებერვალს, საავადმყოფოს ექიმებთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა.

მისი თქმით, სანამ არ აშენდება საავადმყოფოს ახალი შენობა, არსებული არ დაინგრევა. ახალი შენობა, მისი ცნობით, სამ წელიწადში უნდა აშენდეს.

„მივიღეთ შემდეგი გადაწყვეტილება – უახლოეს თვეების განმავლობაში მთავრობა, ჯანდაცვის სამინისტრო იმუშავებს ალტერნატიულ პროექტზე. ალტერნატიული ვარიანტი შემოგვთავაზეს ექიმებმა, რაც გულისხმობდა იმას, რომ უკანა ტერიტორიაზე შეიძლებოდა საავადმყოფოს მშენებლობა, ხოლო წინა ტერიტორიის გამოყენება მოგვიანებით საინვესტიციო მიზნებისთვის“, – აღნიშნა მთავრობის თავმჯდომარემ.

რესპუბლიკური საავადმყოფო დაინგრევა და მის ნაცვლად ახალი, მულტიპროფილური კლინიკა აშენდება — ეს განზრახვა მთავრობამ 22 იანვარს გაასაჯაროვა. ოფიციალურ საბაბად სამინისტრომ შენობის ავარიულობა და მისი რეაბილიტაციის არამომგებიანობა დაასახელა. თუმცა აქამდე გაკეთებულ ოფიციალურ დასკვნებში არსად წერია, რომ შენობა ავარიულობის გამო არის დასანგრევი, დოკუმენტებში არც შენობის რეაბილიტაციის არარენტაბელობაა დასაბუთებული.

რესპუბლიკურის თანამშრომლები ამბობენ, რომ ინფორმაცია კლინიკის მოსალოდნელი დემონტაჟის შესახებ, ისევე, როგორც დანარჩენმა საქართველომ, ტელევიზიით, მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე მოისმინეს. ისინი არ ეთანხმებიან გადაწყვეტილებას და უკვე ორი კვირაა, პერმანენტულად ატარებენ საპროტესტო აქციებს.

30 იანვარს რესპუბლიკურის თანამშრომელთა ნაწილმა სასამართლოში სარჩელი შეიტანა მთავრობის განკარგულების შეჩერების მოთხოვნით. მეორე დღეს, 31 იანვარს, ჯანდაცვის სამინისტრომ რესპუბლიკურის რეორგანიზაცია 1 თვით გადადო.

შეთავაზებული საკომპენსაციო პაკეტებიდან ერთ-ერთის არჩევა და სამსახურიდან საკუთარი განცხადების საფუძველზე წასვლა კლინიკის პერსონალს 5 თებერვლის ნაცვლად, 5 მარტამდე შეეძლება. თუ ამას არ გააკეთებენ, 5-დან 15 მარტის ჩათვლით დაგეგმილი რეორგანიზაციის ფარგლებში, კანონით დადგენილი წესით გათავისუფლდებიან სამსახურიდან. სამინისტროში ამბობენ, რომ ვადა “კლინიკის თანამშრომლების სურვილისა და მიმდინარე პროცესების გათვალისწინებით” მიიღეს. თავად რესპუბლიკურის ექიმები ფიქრობენ, რომ დამატებით 1 თვე სამინისტროს კლინიკის თანამშრომელთა “გადასაბირებლად” სჭირდება, რათა რეორგანიზაციამ შედარებით უმტკივნეულოდ ჩაიაროს.

ნახეთ მეტი
Back to top button