საზოგადოება

მორიგი ეკლესია დედაქალაქის ცენტრში, კერძოდ კი ავლაბარში სავალალო მგომარეობაშია

მორიგი ეკლესია დედაქალაქის ცენტრში, კერძოდ კი ავლაბარში სავალალო მგომარეობაშია,  მიუხედავად იმისა, რომ 2007 წელს ამ ნაგებობას ძეგლის სტატუსი მიენიჭა. ამის შესახებ News.am-ს განუცხადეს არასამთავრობო ორგანიზაცია ,,საქართველოს სომხური სათვისტომო“-დან. წმინდა მინასის ეკლესია დაარსდა 1790 წელს, ხოლო 1883 წლის 2 იანვარს ძველი ეკლესიის ადგილას აშენდა ნორ ერევანცოც სურბ მინასი.

ეკლესიის შიდა ტერიტორია საკმაოდ დიდი იყო, რაც სურათებიდანაც ნათლად ჩანს. ეკლესიას გააჩნია სამი შესავლელი, რომელთაგან დღეითვის შემორჩენილია მხოლოდ ერთი, საიდანაც ეკლესიაში მოხვედრა შესაძლებელია „იტალიური“ ეზოს გავლით (მის. გელათის ქ. №13(30)). დროის სხვადასხვა პერიოდში გაუგებარ ვითარებებში უკანონო მშენებლობებზე მოპოვებული ნებართვების გაცემის შედეგად, ეკლესიის სამხრეთი კედლის გარდა, დანარჩენი სამი კედლის გასწვრივ სულ მიშენებებია, რის შედეგადაც ტაძარი თვალისთვის პრაკტიკულად უჩინარი გახდა.

საბჭოთა მმართველობის წლებში ეკლესიის შენობა სხვადასხვა მიზნებისთვის გამოიყენებოდა. 1924 წელს თბილისის ცენტრალური აღმასრულებელი კომისიის გადაწყვეტილებით ეკლესია რეგიონალურ კლუბად გადაიქცა, შემდგომში კი, ეკლესიის შენობა სამკერვალო სახელოსნოდ გამოიყენებოდა. 1990–იანი წლებიდან იგი გამოუყენებადი იყო.

იმის მიუხედავად, რომ 2007 წლის პირველ ოქტომბერს სურბ მინასის სახელობის ეკლესიას ისტორიული ძეგლის სტატუსი მიენიჭა, ამან ეკლესიის შენარჩუნების საქმეს ხელი ვერ შეუწყო. 2014 წლის 19 სექტემბერს, წვიმების შედეგად დაინგრა ეკლესიის სახურავი, რის შემდგომ ეკლესიის ტერიტორია გაწმენდილ იქნა მისი ნანგრევებისგან, მაგრამ სახურავის აღდგენა სამწუხაროდ დღემდე არ მომხდარა.

იორის ქუჩის მხრიდან ერთ-ერთ ეზოში შესასვლელ ჭიშკარს შემორჩენილი აქვს ძველი მოპირკეთებული ნაწილი, რომელსაც თავზე ამოკვეთილი ჯვრის ნახევარი აქვს შემორჩენილი. აღნიშნული ჭიშკრიდან ეკლესიასთან მოხვედრა დღეისთვის ასევე შეუძლებელია.

ეკლესიის უპატრონოდ დატოვების შედეგად, ძეგლის კედლებზე სხვადასხვა პერიოდში ქაოტურ მიშენებებზე ნებართვების გაცემის/ან უკანონოდ მიშენებულის პრივატიზების გამო, ეკლესიის მეზობლად მცხოვრებ მოსახლეებს შორის უკვე დაიწყო ეკლესიის ტერიტორიისთვის დავები. აღსანიშნავია, რომ ეკლესიას ასევე გააჩნია ქვედა სართული, სადაც მოხვედრა, დღეს შესაძლებელია „იტალიური“ ეზოს მხრიდან. მსგავს ნაგებობებში წესად არის მიღებული ეკლესიის გამორჩეული მსახურის დაკრძალვა. მეზობლების მტკიცებით, აღნიშნული ნაგებობის ინტერიერი ასევე აგურებისგან არის ნაშენი, სადაც წლების წინ ასევე ჯვრის გამოსახულებით ძველი საფლავის ქვაც იყო. სამწუხაროდ ქვედა სართულზე მოხვედრა არის შეუძლებელი იმ ერთადერთი მიზეზით, რომ ეკლესიის ერთ-ერთ კედელზე მიშენებული ფართის მფლობელს, ასევე მითვისებული აქვს აღნიშნული ნაგებობა, რომლისთვისაც სარდაფის ფუნქცია აქვს მინიჭებული.

მოვუწოდებთ ყველას, თავისი პასუხისმგებლობის ფარგლებში დროულად მიაქციოს ყურადღება ამ საკითხს, სანამ ძალიან არ დაგვიანდება…

ვიმედოვნებთ, რომ ევროპისკენ მიმავალი საქართველოს მთავრობა მართებულ დამოკიდებულებას გამოიჩენს ისტორიულ და კულტურულ ფასეულობებთან მიმართებაში.

ნახეთ მეტი
Back to top button