სომხეთის პრეზიდენტმა ვაჰაგნ ხაჩატურიანმა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობების ნორმალიზაციის პროცესის დეტალები გააცნო და ხაზი გაუსვა, რომ ყველა საკითხი მოლაპარაკებების გზით უნდა გადაწყდეს. როგორც იუწყება Armenpress-ის კორესპონდენტი, სომხეთის პრეზიდენტი ბაღდადის უნივერსიტეტში სტუდენტებთან შეხვედრისას შეეხო კითხვას, თუ როგორ აფასებს სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობების ნორმალიზების პერსპექტივას.
„მნიშვნელოვანი პრინციპია, მეზობლებთან მშვიდად უნდა იცხოვრო. ახლა რაღაც პროცესის შედეგად შეიქმნა დაპირისპირება. გაგრძელება არ შეიძლება, უნდა შეჩერდეს. ახლა ვთავაზობთ გაჩერებას და ერთმანეთთან დალაპარაკებას. თავდაპირველად, შესაძლოა, შუამავლების მეშვეობით. უფრო სწორად, ჩვენ ახლა ვსაუბრობთ შუამავლების მეშვეობით. ყველაზე მტკივნეულ საკითხებზე უნდა ვისაუბროთ. ძალიან რთული ისტორიაა: ათიათასობით მსხვერპლი და დაჭრილი, ათასობით დაკარგული ორივე მხრიდან, გარკვეული ტერიტორიული პრობლემები. დარწმუნებულები ვართ, რომ სურვილის შემთხვევაში ყველა საკითხი მოგვარდება. ახლა ჩვენ ამ გზაზე ვართ“, – განმარტა პრეზიდენტმა და აღნიშნა, რომ ორი კვირის წინ მიუნხენში შეხვდნენ სომხეთისა და აზერბაიჯანის ლიდერები, 28 თებერვალს კი ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრები ბერლინშიც შეხვდებიან.
ხაჩატურიანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მაგიდაზე არის სამშვიდობო შეთანხმების დოკუმენტის პროექტი, რომელზეც მხარეები ახლა საერთო შეთანხმების მიღწევას ცდილობენ.
“Ეს არის გზა. ძალით, ომით არ წყვეტენ საკითხებს. ჩვენ ეს გვესმის, იმედია აზერბაიჯანშიც გაიგებენ. ჩვენი შემოთავაზებული პროექტი „მშვიდობის გზაჯვარედინი“ სწორედ ამ ლოგიკაშია“, – განაცხადა სრ პრეზიდენტმა.