პოლიტიკა

სალომე ზურაბიშვილმა „საარჩევნო კოდექსში“ ცვლილებებს ვეტო დაადო

1tv.ge წერს, რომ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტის მიერ დამტკიცებულ „საარჩევნო კოდექსში“ ცვლილებებს ვეტო დაადო.

პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები, რომელიც 11-გვერდიანია, პარლამენტს უკვე წარედგინა.

პრეზიდენტი მოტივირებულ შენიშვნებში ეუთო/ოდირ-ის მიერ საქართველოსთვის მიცემულ რეკომენდაციებს მიმოიხილავს და ვეტოს გამოყენებასაც ამ ჭრილში ხსნის.

„საკანონმდებლო ცვლილებების შედეგად ისევ შეზღუდულია საქართველოს პრეზიდენტის როლი ცესკო-ს თავმჯდომარისა და წევრების თანამდებობაზე განწესების პროცესში. 2024 წლის 20 თებერვლის საკანონმდებლო ცვლილებებში იმის დამატება, რომ იმ შემთხვევაში, თუ პარლამენტი – ჯერ 3/5-ით, ხოლო შემდეგ 1/2-ის უმრავლესობით ორჯერ ვერ აირჩევს კანდიდატს, საკითხი გადაეცემა პრეზიდენტს, რა თქმა უნდა, არსებითად ვერ ცვლის პრეზიდენტის ჩართულობის ხარისხსა და როლს, რადგან ძალიან დაბალია იმის ალბათობა, რომ საქართველოს პარლამენტი 1/2-ის უმრავლესობით ორჯერ ვერ შეძლებს კანდიდატის არჩევას“, – აღნიშნულია პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებში.

ამასთან, პრეზიდენტი პარლამენტს სთავაზობს, „საქართველოს პრეზიდენტმა საქართველოს ორგანული კანონის, „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ შესაბამისად, 2024 წლის პირველ მაისამდე გამოაცხადოს საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის თანამდებობაზე განსაწესებელი ცესკო-ს თავმჯდომარეობის კანდიდატისა და ცესკო-ს ყველა იმ არჩეული წევრის თანამდებობაზე განსაწესებელი ცესკო-ს წევრობის კანდიდატების შესარჩევი ღია კონკურსი, რომლის უფლებამოსილების 6-თვიანი ან 5-წლიანი ვადაც გასულია ან 2024 წლის პირველ მაისამდე გადის და შექმნას ამ კანდიდატების შესარჩევი საკონკურსო კომისია. ამის შემდეგ, კანონის თანახმად, გაგრძელდეს შესაბამის პირთა ცესკო-ს თავმჯდომარისა და ცესკო-ს აღნიშნული წევრების თანამდებობებზე განწესებისთვის დადგენილი სათანადო პროცედურები“.

ნახეთ მეტი
Back to top button