პოლიტიკა

გაფორმდა მემორანდუმი საქართველოსა და სომხეთის საგამოძიებო სამსახურებს შორის

კოკა კაციტაძე ოფიციალური ვიზიტით სომხეთის რესპუბლიკაში იმყოფება, სადაც ის შეხვდა თავის სომეხ კოლეგას არგიშტი კიარამიანს. საქართველოსა და სომხეთის საგამოძიებო სამსახურების უფროსებმა ოფიციალურ შეხვედრაზე ორ ქვეყანას შორის სამომავლო თანამშრომლობის საკითხები  განიხილეს. სწორედ ამ მიზნით სომხეთის რესპუბლიკის საგამოძიებო კომიტეტსა და საქართველოს სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომელსაც კოკა კაციტაძემ და არგიშტი კიარამიანმა ხელი ქალაქ ერევანში მოაწერეს.

შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და სომხეთის სამართალდამცავ უწყებებს შორის არსებული თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებისა და განვითარებისათვის მზაობა გამოთქვეს, კოკა კაციტაძემ და არგიშტი კიარამიანმა სხვადასხვა საგამოძიებო მიმართულებით განხორციელებულ რეფორმებზე, მოქალაქეთა უფლებების დაცვაზე ორიენტირებულ პროექტებსა და თანამშრომლობის ფარგლებში ინფორმაციისა და გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობაზე ისაუბრეს.

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსმა კოლეგა უწყების წარმომადგენლებს მიწვევისთვის მადლობა გადაუხადა და სამომავლო თანამშრომლობისთვის მზადყოფნა გამოთქვა. შეხვედრას სომხეთის რესპუბლიკის საგამოძიებო კომიტეტის წარმომადგენლები, სომხეთისა და საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩები – აშოტ სმბატიანი და გიორგი შარვაშიძე ესწრებოდნენ.

ნახეთ მეტი
Back to top button