პოლიტიკა

ჟურნალისტების მასობრივი დაპატიმრებები აზერბაიჯანში: ახალი სერია, ძველი სცენარი

Netgazeti.ge წერს, რომ აზერბაიჯანში გრძელდება პროცესი, რომელსაც ადგილობრივი სამოქალაქო საზოგადოება და საერთაშორისო ორგანიზაციები უწოდებენ დამოუკიდებელი მედიის რეპრესიას, პროსამთავრობო აზერბაიჯანული მედია – დასავლური აგენტების, ხოლო სამართალდამცავი ორგანოები – კონტრაბანდისტების დაჭერას.

რამდენიმე თვის წინ გამოცემა AbzasMedia-ს თითქმის ყველა თანამშრომელი კონტრაბანდის ბრალდებით დააკავეს. მარტში იგივე ბრალდებით დააკავეს ონლაინ ტელევიზიის Toplum Tv-ის და მასთან დაკავშირებული ორი ორგანიზაციიდან რამდენიმე თანამშრომელი. აზერბაიჯანში ჟურნალისტების დაკავების ასეთი ძლიერი ტალღა, ალბათ, არასდროს ყოფილა.

სცენარის განმეორება

AbzasMedia-ს ოფისში ჩხრეკა გასული წლის ნოემბრის ბოლოს ჩატარდა. პოლიციამ განაცხადა, რომ ჩხრეკის შედეგად, 40 ათასი ევრო იპოვეს. ამის საფუძველზე გამოცემის ექვსი თანამშრომელი ერთმანეთის მიყოლებით დააკავეს და წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს, სადაც ისინი ამ დრომდე რჩებიან. ერთადერთი, რასაც ამ ხნის განმავლობაში მათმა ადვოკატებმა მიაღწიეს, იყო ოჯახის წევრების ნახვის უფლება. ექვსივე თანამშრომელს ბრალი ედებოდა ვალუტის კონტრაბანდაში, ჩადენილი პირთა ჯგუფის მიერ წინასწარი შეთქმულების გზით.

მარტის პირველ რიცხვებში იმავე სცენარით დაიწყო დააკავებები Toplum Tv-ში. მაგრამ ამჯერად მოველენები უფრო სწრაფად და ფართომასშტაბიანად განვითარდა. პოლიციამ გაჩხრიკა არა მხოლოდ რედაქცია, არამედ დემოკრატიული ინიციატივების ინსტიტუტის (IDI) და პოლიტიკური პლატფორმის “მესამე რესპუბლიკის” ოფისები. მათ აკავშირებს ის, რომ Toplum Tv-ის თანადამფუძნებელი აკიფ გურბანოვი ასევე არის IDI-ს ხელმძღვანელი და “მესამე რესპუბლიკის” სამმართველოს ხელმძღვანელი. გარდა ამისა, Toplum Tv-ში სტაჟირებას გადიან ახალგაზრდა ჟურნალისტები, რომლებიც IDI-ს ტრენინგებში მონაწილეობენ. ჩხრეკა ჩატარდა სამივე ორგანიზაციის თანამშრომლებისა და წევრების ბინებშიც.

ოფიციალური ვერსიით, ყველა ჩხრეკის შედეგად “აღმოჩნდა” სხვადასხვა ოდენობის თანხა: ერთ-ერთი ჟურნალისტის ოფისში 3 ათასი იპოვეს, 30 ათასამდე -“მესამე რესპუბლიკის” ოფისში, ხოლო 60 ათასი – Toplum Tv-ის დამფუძნებლის, მედიის უფლებათა ექსპერტის, ალესკერ მემედლის სახლში. შედეგად, ამავე კონტრაბანდის ბრალდებით დააკავეს ცხრა პირი. ორი მათგანი პოლიციის მეთვალყურეობით გაათავისუფლეს, დანარჩენები კი წინასწარ პატიმრობაში გადაიყვანეს.

Toplum Tv-ის რედაქცია ამჟამად დალუქულია, YouTube არხი გატეხილია, ყველა ვიდეო კი – წაშლილი.

საერთო ჯამში, ბოლო ოთხი თვის განმავლობაში ათამდე ჟურნალისტი (მათ შორის, კიდევ ერთი დამოუკიდებელი ონლაინ ტელევიზიის, Kanal-13-ის რამდენიმე თანამშრომელი) კონტრაბანდის ბრალდებით დააკავეს.

“კრიტიკული ხმების გაჩუმების აშკარა მცდელობა”

სისხლის სამართლის საქმეზე ორივე ბრალდებული აცხადებს, რომ ჩხრეკის შედეგად აღმოჩენილი თანხა მათ თავად პოლიციამ ჩაუდო. ისინი ამბობენ, რომ არანაირ კონტრაბანდაში ჩართული არ ყოფილან და პროფესიული საქმიანობის გამო დააკავეს.

საერთაშორისო უფლებადამცველმა ორგანიზაციამ Amnesty International-მა, სამხრეთ კავკასიის მკვლევრის ნატალია ნოზაძის დახმარებით, მომხდარს უწოდა “დამოუკიდებელი მედიის ჩახშობის აქტი” და “კრიტიკული ხმების გაჩუმების აშკარა მცდელობა”.

Amnesty International მოუწოდებს საერთაშორისო თანამეგობრობას, მიიღონ გადაუდებელი ზომები და რეპრესიების შეჩერების მიზნით ზეწოლა მოახდინონ აზერბაიჯანის ხელისუფლებაზე.

ნატალია ნოზაძემ აღნიშნა, რომ 2024 წლის ნოემბერში აზერბაიჯანი უმასპინძლებს კლიმატის კონფერენციას COP29 და “უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ საერთაშორისო ყურადღება, რომელიც ქვეყნისკენ იქნება მიმართული, გამოყენებული იქნას იმისთვის, რომ მოითხოვონ ხელისუფლებისგან ადამიანის უფლებების პატივისცემა”.

თავის მხრივ, პროსამთავრობო აზერბაიჯანული მედია ამტკიცებს, რომ დაპატიმრებულები დასავლეთის მიერ დაკვეთილ დივერსიულ საქმიანობაში იყვნენ ჩართული. ამ განცხადებებიდან ირკვევა, რომ ბრალდებულების ხელთ არსებული თანხა წარმოადგენს უცხოელი დონორებისგან მიღებულ უკანონო გრანტებს. აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ნოემბერში განაცხადა, რომ შეერთებული შტატები, გერმანია და საფრანგეთი, უკანონოდ აფინანსებენ აზერბაიჯანულ მედიას. თუმცა არც AbzasMedia-სა და არც Toplum Tv-სთვის არ წაუყენებიათ ბრალი უკანონო დაფინანსების მიღებისთვის.

“არ ჩავარდეთ ილუზიებში”

“თუნდაც ამ მედიებს მიეღოთ უკანონო გრანტები, კანონმდებლობა ამისთვის ითვალისწინებს არა სისხლის სამართლის, არამედ ადმინისტრაციულ სასჯელს. ამის კვალიფიცირება კი, როგორც პროპაგანდა, წარმოუდგენელია” , – ამბობს “მედიასამართლის ჯგუფის” ხელმძღვანელი ხალიდ აგალიევი.

ამასთან, ის არ უკავშირებს ჟურნალისტების დაკავებას და “დასავლურ აგენტებზე ნადირობას” აზერბაიჯანის ურთიერთობების გაუარესებას ევროკავშირთან და აშშ-თან (მაგალითად, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში აზერბაიჯანის დელეგაციის უფლებამოსილების შეჩერებასთან). აგალიევი მიიჩნევს, რომ ის, რაც ხდება, სისტემური პრობლემის ნაწილია, რომელიც ქვეყნაში, სულ მცირე, ბოლო ათწლეულის მანძილზე არსებობდა, მიუხედავად იმისა, როგორ განვითარდა ურთიერთობა დასავლეთთან.

ამას ნაწილობრივ ეთანხმება ტელეკომპანია Toplum TV-ის მთავარი რედაქტორი ხადიჯა ისმაილოვა.

“ეს განმეორებადი ნიმუშია. 2013 წლიდან რეპრესიების ტალღები მეორდება”, – ამბობს ის.

ისმაილოვას თქმით, ხელისუფლებას უბრალოდ სურს, რომ ქვეყანაში არ იყოს თავისუფალი მედია.

“ხელისუფლება თავისი ქმედებებით გვამცნობს: “ნუ ჩავარდებით ილუზიებში, ეს არ არის კანონის უზენაესობა, ეს არ არის ნორმალური ქვეყანა, აქ არ შეიძლება იყოს თავისუფალი მედია””.

პოლიტიკური კომენტატორის, არასტუნ ორუჯლუს თქმით, ბოლო წლებში პროსამთავრობო მედიამ დაკარგა ადგილი დამოუკიდებელ პლატფორმებთან მიმართებაში, რის შედეგადაც, ხელისუფლებამ იგრძნო საფრთხე. ორუჯლუ ბოლო დაპატიმრებებს ქვეყნის მედიალანდშაფტის გასაკონტროლებლად და განსხვავებული აზრის ჩახშობის უფრო ფართო სტრატეგიის ნაწილად მიიჩნევს.

იმავდროულად, ევროპის საბჭოს ჟურნალისტთა დაცვის პლატფორმამ გაუგზავნა მოთხოვნა აზერბაიჯანის მთავრობას, რომელიც ინიცირებულია ევროპის ჟურნალისტთა ფედერაციის, ჟურნალისტთა საერთაშორისო ფედერაციის და ჟურნალისტთა იუსტიციის ფონდის მიერ.

აზერბაიჯანის მთავრობისგან 8 ივნისამდე ელოდებიან განმარტებებს Toplum TV-ში ჩხრეკასთან და დაკავებებთან დაკავშირებით. ამასთან, ელოდებიან დაკავებულთა გათავისუფლებასა და სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტას.

ნახეთ მეტი
Back to top button