პოლიტიკა

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ ასევე უარყო აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს განცხადება სომხეთის შეიარაღებული ძალების გადაადგილების შესახებ

სომხეთში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ ასევე უარყო აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული შეტყობინება, თითქოს სომხეთის შეიარაღებული ძალები საზღვარზე მოძრაობენ.

მანამდე აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ სომხეთის შეიარაღებული ძალები აზერბაიჯანის საზღვარზე მოძრაობენ, რაც სომხეთის თავდაცვის სამინისტრომ უარყო და ხაზგასმით აღნიშნა, რომ აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული შეტყობინება რეალობას არ შეესაბამება.

„ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია სომხეთში მთელი დღის განმავლობაში ახორციელებდა პატრულირებას სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე. ყველაფერი მშვიდია, უჩვეულო მოძრაობები არ შეიმჩნევა. სომხეთში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია ყველას მშვიდობიან აღდგომას უსურვებს“, – ნათქვამია პოსტში მისიის X გვერდზე.

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ამ პოსტს გამოეხმაურა ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში კრიზისის საკითხებში ტოივო კლაარიც. „მოხარული ვარ, რომ მივიღე დადასტურება ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიისგან სომხეთში, რომ უჩვეულო სამხედრო მოძრაობა არ დაფიქსირებულა. ეს არის მისიის მთავარი მიზანი: მეტი გამჭვირვალობის უზრუნველყოფა და ნდობის ჩამოყალიბება. მისია ღიაა აზერბაიჯანის ხელისუფლების შემდგომი ურთიერთქმედებისთვისაც“, – წერს კლაარი.

მოგვიანებით, მისიამ კიდევ ერთი პოსტი გაავრცელა: „31 მარტს სომხეთში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ გაგზავნა პატრული სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვრის სომხურ მხარეს საზღვარზე უჩვეულო სამხედრო გადაადგილების მონიტორინგისა და მოხსენების მიზნით. ყველა პატრული იტყობინება, რომ ვითარება მშვიდია და უჩვეულო მოძრაობები არ დაფიქსირებულა“, – ნათქვამია პოსტში.

ნახეთ მეტი
Back to top button