„მე სომხეთის მომავალს ევროპაში ვხედავ“ – ინტერვიუ საფრანგეთის ელჩთან სომხეთში
სომხეთში საფრანგეთის ელჩმა ოლივიე დეკოტინიმ ვრცელი ინტერვიუ მისცა გამოცემა Défis Humanitaires-ს, რომელშიც მან გამოავლინა ორმხრივი ურთიერთობების ყველაზე მნიშვნელოვანი ასპექტები და სამხრეთ კავკასიაში არსებული ვითარება. გთავაზობთ ყველაზე მნიშვნელოვან ფრაგმენტებს ამ ინტერვიუდან.
ფაქტობრივად, რუსმა ჯარისკაცებმა დატოვეს ყაზარმები მხოლოდ მაშინ, როდესაც დადგა მთიანი ყარაბაღის ძალების განიარაღების დრო, როგორც ეს გათვალისწინებული იყო ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებაში, რომელიც დე ფაქტო ხელისუფლებამ დადო აზერბაიჯანის მთავრობასთან. მაშასადამე, იყო აზერბაიჯანის შეტევა მთიან ყარაბაღზე, რომელიც განხორციელდა თურქეთის მხარდაჭერით და რუსეთის თანამონაწილეობით, რამაც გამოიწვია ამ ტერიტორიიდან თითქმის ყველა სომეხის მასიური და ძალადობრივი გასახლება – 100 000-ზე მეტი ადამიანისა, რომელიც ამჟამად ლტოლვილია.
ამიტომ, სომხეთი ცდილობს უსაფრთხოების სფეროში პარტნიორობის დივერსიფიკაციას. ამისათვის ის მიმართავს უფრო შორეულ სახელმწიფოებს, როგორიცაა საფრანგეთი, რომელთანაც თავდაცვის ურთიერთობებს ავითარებს. საფრანგეთმა კი ტაბუ დაარღვია, რადგან ის ნატოს პირველი ქვეყანაა, რომელმაც იარაღი მიაწოდა სომხეთს, რომელიც რჩება კუხო-ს წევრად. იგივე გაგებით სომხები ინდოეთისკენ იხრებიან. ხოლო 23 თებერვალს ერევანში საფრანგეთის თავდაცვის მინისტრის ვიზიტს 4 მარტს მოჰყვა საბერძნეთის თავდაცვის მინისტრის ვიზიტი ერევანში.
მეორე მხრივ, არ უნდა დავივიწყოთ ირანი, რომელიც მნიშვნელოვანი მეზობელია სომხეთისთვის, რადგან თეირანი არაერთხელ ადასტურებს თავის ვალდებულებას, რომ სომხეთ-ირანის საზღვარი სომხეთის სამხრეთით არ უნდა კონტროლდებოდეს სხვა სახელმწიფოს მიერ, გარდა სომხეთისა და ირანისა.
მე არ ვიცი რა განზრახვები აქვს აზერბაიჯანის ხელისუფლებას და მათთან არანაირი შეხება არ მაქვს. მაგრამ მე აღვნიშნავ, რომ ამ დაქუცმაცებულ, დეგრადირებულ საერთაშორისო გარემოში, ბოლო წლებში მოხდა რამდენიმე სამხედრო ეპიზოდი, სადაც აზერბაიჯანი და სომხეთი, ან აზერბაიჯანი და მთიანი ყარაბაღის რეგიონი ერთმანეთს დაუპირისპირდნენ და ყოველ ჯერზე აზერბაიჯანი იწყებდა ამას.
მე სომხეთის მომავალს ევროპაში ვხედავ. ეს არის იმ დემოკრატიული ტრაექტორიის მნიშვნელობა, რომელიც სომეხმა ხალხმა აირჩია 2018 წლის ხავერდოვანი რევოლუციის დროს და რომელსაც ინარჩუნებს, მიუხედავად ყველა განსაცდელისა. ამ თვალსაზრისით, სომხეთის ბოლოდროინდელი გაწევრიანება სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში ასევე ძალიან ძლიერი სიგნალია. თუმცა, ევროპისკენ მოქცევა არ ნიშნავს იზოლაციას მისი რეგიონული გარემოდან. სომხეთის მომავლის მშენებლობა მოითხოვს აზერბაიჯანთან სამშვიდობო შეთანხმების მიღწევას და, უფრო ფართოდ, modus vivendi-ს, რომელიც საშუალებას მისცემს რეგიონის ყველა სახელმწიფოს სრულად ისარგებლოს იმ სტრატეგიული პოზიციით, რომელიც მათ უკავია ევროპის, აზიისა და ახლო აღმოსავლეთის გზაჯვარედინზე. ამიტომ ჩვენ ევროპელებისთვის მნიშვნელოვანია ამ კონფლიქტის მოგვარება.