პოლიტიკა

„რუსული კანონის“ განხილვისას პარლამენტში შესვლა აკრედიტებული ონლაინ მედიისთვისაც იზღუდება

Netgazeti.ge წერს, რომ პარლამენტის თავმჯდომარის ბრძანების შესაბამისად, 15 აპრილს საქართველოს პარლამენტის სასახლეში იმოქმედებს უსაფრთხოების ყვითელი დონე — ვიზიტორებს ეზღუდებათ პარლამენტის სასახლეში შესვლა.

დაგეგმილ საპარლამენტო ღონისძიებებზე, მათ შორის კომიტეტის სხდომებზე, დაიშვებიან მხოლოდ შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების მიერ მოწვეული პირები. შეზღუდვა არ შეეხება მხოლოდ ტელემაუწყებლების/ტელემედია საშუალებების აკრედიტებულ ჟურნალისტებს. როგორც პარლამენტის პრესცენტრში აცხადებენ, ონლაინ მედიასაშაულებების აკრედიტებული ჟურნალისტები შენობაში ვერ შევლენ.

„აღნიშნული ღონისძიების მიზანია საქართველოს პარლამენტის სასახლეში სამუშაო და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფა“, — ნათქვამია საქართველოს პარლამენტის განცხადებაში.

15 აპრილი ის დღეა, როცა პარლამენტში ხელახლა ინიციირებული რუსული კანონის განხილვა იურიდიულ საკითხთა კომიტეტში უნდა მოხდეს. სწორედ საკომიტეტო მოსმენის პარალელურად 10:00 საათზე გეგმავენ მოქალაქეები პარლამენტის უკანა შესასვლელთან შეიკრიბონ და კანონპროექტი გააპროტესტონ.

საპროტესტო აქცია 15 აპრილს საღამოს 19:00 საათზეც დაანონსდა.

მმართველმა პარტიამ მიცემული პირობა დაარღვია და ე.წ. რუსულ კანონის ჩაგდებიდან ერთი წლის შემდეგ კანონპროექტს ისევ აბრუნებს. „ქართული ოცნების” მიერ 3 აპრილს დარეგისტრირებულ კანონპროექტში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“, გასულ წელს „ხალხის ძალის“ მიერ ინიციირებული და საპარლამენტო უმრავლესობის 76 დეპუტატის მხარდაჭერილი კანონისგან განსხვავებით, ტერმინი „უცხოური გავლენის აგენტი“ ჩანაცვლებულია „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლით“.

კანონპროექტი გრანტის მიმღებ ორგანიზაციებს — „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლის”, ხოლო მათ შორის აშშ-ს, ევროკავშირსა და საერთაშორისო ფონდებს, რომლებიც გრანტებს გასცემენ საქართველოში, „უცხოური ძალის” სტატუსებს მიანიჭებს.

საქართველოს საერთაშორისო პარტნიორებმა, აშშ-ის, ევროკავშირისა და ევროპის საბჭოს ჩათვლით, შეშფოთება გამოთქვეს საქართველოს ხელისუფლების მიერ შარშან „უპირობოდ“ გაწვეული კანონპროექტის ხელახალი ინიციირების გამო.

ნახეთ მეტი
Back to top button