მთავარიპოლიტიკა

ამერიკელი სენატორები მოუწოდებენ ბაიდენს, დაუპირისპირდეს პრესის თავისუფლების რეპრესიებს აზერბაიჯანში და სხვა ქვეყნებში

ამერიკელი სენატორების ჯგუფმა, ბენ კარდინის, ტიმ კეინის, ჯეფ მერკლის, ბრაიან შაცისა და კრის ვან ჰოლენის ხელმძღვანელობით, სენატს წარუდგინა რეზოლუცია, რომელშიც საუბარია პრესის თავისუფლების მზარდ საფრთხეზე მთელს მსოფლიოში, იუწყება აზერბაიჯანული სააგენტო თურანის ვაშინგტონის კორესპონდენტი. მაისის დასაწყისში თეთრმა სახლმა გამოაცხადა, რომ პრეზიდენტი ჯო ბაიდენი პრესის თავისუფლებაზე ზეწოლას „ეროვნული უსაფრთხოებისთვის სერიოზულ საფრთხედ“ მიიჩნევს და პრესაზე ზეწოლის განმახორციელებლებს სანქციებს დაუწესებს. სენატის რეზოლუცია ეხება მედიის თავისუფლების წინააღმდეგ განხორციელებულ თავდასხმებს რიგ ქვეყნებში, მათ შორის აზერბაიჯანში. „აზერბაიჯანში ილჰამ ალიევის მთავრობამ, რომელიც მეხუთედ გახდა პრეზიდენტი 2024 წლის თებერვალში არაკონკურენტულ არჩევნებში, ბოლო თვეებში განაახლა თავდასხმა დამოუკიდებელ მედიაზე და დააკავა 10 ჟურნალისტი“, – ნათქვამია რეზოლუციაში. დოკუმენტში ნათქვამია, რომ ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტის ცნობით, ესენი არიან Abzas Media, Kanal 13 და Toplum TV-ის თანამშრომლები: ულვი ჰასანლი, სევინჯ ვაკიფქიზი, მუჰამედ კეკალოვი, ჰაფიზ ბაბალი, ელნარა გასიმოვა, ნარგიზ აბსალამოვა, აზიზ ორუჯოვი, შამო ემინოვი, ალესკარ მამედლი და მუშფიგ ჯაბარი.

„ეს არის რეპრესია ჟურნალისტების მიმართ, შურისძიება მათი პუბლიკაციისთვის თანამდებობის პირებს შორის კორუფციის შესახებ“, – ნათქვამია რეზოლუციაში. ასევე ხაზგასმულია, რომ 2023 წელს მსოფლიოში 320 ჟურნალისტი დააპატიმრეს. სენატორები მოუწოდებენ პრეზიდენტ ბაიდენს და სახელმწიფო მდივანს, დაიცვან აშშ-ს ლიდერობა პრესის თავისუფლებაში და პასუხისგებაში მისცენ  სხვა ქვეყნებში ამერიკელ ჟურნალისტებზე და მედიის წარმომადგენლებზე თავდასხმებზე პასუხისმგებლები. ბოლო თვეების განმავლობაში აზერბაიჯანში კონტრაბანდის ბრალდებით დააკავეს 2 ათამდე ჟურნალისტი, რომლებიც წარმოადგენენ სხვადასხვა მედიას, ოპოზიციის მოღვაწეებს და პოლიტიკურ აქტივისტებს. ჩხრეკა ჩატარდა Abzas Media-ის, Toplum TV-ის ოფისებში და ზოგიერთი ჟურნალისტის ბინებში. საერთაშორისო სტრუქტურები აზერბაიჯანის ხელისუფლებას მოუწოდებენ შეწყვიტონ რეპრესიები და გაათავისუფლონ ყველა.

25 აპრილს ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, რომელიც აზერბაიჯანის ხელისუფლებას ყველა პოლიტპატიმრის გათავისუფლებისკენ მოუწოდებს. ერთ-ერთი ბოლო დაკავებული არჩევნების მონიტორინგისა და დემოკრატიის სასწავლო ცენტრის ხელმძღვანელი, ცნობილი უფლებადამცველი ანარ მამადლია. ამასთან დაკავშირებით შეშფოთება გამოხატეს აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა და ევროკავშირმა. დავამატოთ, რომ ამერიკელი კონგრესმენების ჯგუფმა, დინა ტიტუსის ხელმძღვანელობით, წარმომადგენელთა პალატას წარუდგინა კანონპროექტი, რომელიც გეგმავს სანქციების დაწესებას აზერბაიჯანის მაღალჩინოსნებისთვის ადამიანის უფლებების დარღვევისა და არცახში სამხედრო ოპერაციების გამო. კანონში წარმოდგენილი აზერბაიჯანის ოფიციალური პირები არიან თავდაცვის სამინისტროს, გენერალური პროკურატურის, ბაქოს მძიმე დანაშაულთა სასამართლოს, შინაგან საქმეთა სამინისტროს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, სასჯელაღსრულების სამსახურის, სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურისა და პრეზიდენტის აპარატის წარმომადგენლები.

ემა ჩობანიანი

ნახეთ მეტი
Back to top button