საერთაშორისო

რა სავაჭრო ურთიერთობები აქვს საქართველოს ამერიკასთან

2024 წლის იანვარ-აპრილში საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 6 563 431 800 აშშ დოლარი შეადგინა, საიდანაც ამერიკაზე 479,710 მლნ აშშ დოლარი მოდიოდა. საანგარიშო პერიოდში ამერიკის წილი ბრუნვაში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 7.3%-ით არის გაზრდილი, რითაც ათეულში მე-4 ადგილს იკავებს. რეიტინგში ამერიკას თურქეთი, რუსეთი და ჩინეთი უსწრებენ. სტატიას მერი ტაბატაძის ავტორობით bpn.ge აქვეყნებს.

ამერიკა უმსხვილეს იმპორტიორ ქვეყნებს შორის მე-3 ადგილზეა, იანვარ-აპრილში მისი წილი იმპორტში 9.3%-ს შეადგენდა. აღსანიშნავია ისიც, რომ წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, აშშ-დან იმპორტი 23.2%-ით არის შემცირებულია. მიუხედავად ამისა, საანგარიშო პერიოდში ბრუნვაში უდიდესი ნაწილი სწორედ იმპორტს ეჭირა და 445,468 მლნ აშშ დოლარს შეადგენდა.

რაც შეეხება ქართული წარმოების პროდუქციის ექსპორტს, იანვარ-აპრილში ამერიკის წილი ადგილობრივ ექსპორტში 3.9%-ს შეადგენდა, რითაც უმსხვილეს საექსპორტო ქვეყნებში შორის მე-8 ადგილი დაიკავა. ამასთანავე, ქართული წარმოების პროდუქციის ექსპორტი აშშ-ში, წინა წლის იანვარ-აპრილთან შედარებით, 95.9%-ით არის გაზრდილი. კერძოდ, მიმდინარე წლის პირველ ოთხ თვეში 31,278 მლნ აშშ დოლარის ქართული წარმოების პროდუქცია გავიდა აშშ-ში ექსპორტზე.

საანგარიშო პერიოდში ამერიკიდან იმპორტით შემოვიდა:

  • მსუბუქი ავტომობილები – 407,202 მლნ დოლარის
  • თხილი და სხვა კაკალი – 4,018 მლნ დოლარის
  • კვების პროდუქტები – 2,203 მლნ დოლარის
  • მოტოციკლები, ველოსიპედები, ეტლები – 1,863 მლნ დოლარის
  • ტანსაცმელი – 1,787 მლნ დოლარის

აშშ-ში ექსპორტზე გავიდა ქართული წარმოების შემდეგი პროდუქცია:

  • ფეროშენადნობები – 19,615 მლნ აშშ დოლარის
  • შავი ლითონის მილები – 2,168 მლნ დოლარის
  • ყურძნის ნატურალური ღვინოები – 2,131 მლნ დოლარის
  • ხილისა და ბოსტნეულის წვენები – 1,956 მლნ დოლარის
  • წყალბადი, ინერტული აირები – 980 ათასი დოლარის

შეგახსენებთ, Politico-ს ინფორმაციით, აშშ საქართველოსთვის მნიშვნელოვანი სამხედრო და სავაჭრო პაკეტის გადაცემას განიხილავს, თუ ანტიდემოკრატიული კურსი შეიცვლება. გარდა ამისა, ამერიკა განიხილავს უვიზო რეჟიმს საქართველოსთვის, თუ ქვეყანა პროდასავლურ კურსს დაუბრუნდება.

ნახეთ მეტი
Back to top button