მთავარიპოლიტიკა

ბლინკენმა გამოაცხადა საქართველოსთვის სავიზო შეზღუდვების დაწესება და თბილისთან ორმხრივი თანამშრომლობის გადახედვა

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა გამოაცხადა საქართველოსათვის  სავიზო შეზღუდვების დაწესების და ურთიერთანამშრომლობის პოლიტიკის გადახედვის შესახებ საგარეო გავლენის გამჭვირვალობის აქტის მიღების გამო. ამის შესახებ „Armenpress“-ი  აშშ-ის სახელმწიფო მდივნის 23 მაისს გავრცელებულ განცხადებაზე დაყრდნობით იტყობინება.

მან აღნიშნა, რომ საქართველოს მმართველი პარტიის მიერ მიღებული კანონი ხელს შეუშლის სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას, “სტიგმატიზაციას გაუკეთებს ორგანიზაციებს, რომლებიც ემსახურებიან საქართველოს და ხელს შეუშლის დამოუკიდებელ მედიას, რომელიც მუშაობს ქართველებისთვის მაღალი ხარისხის ინფორმაციის მიწოდებაზე”. ბლინკენმა ასევე გააკრიტიკა საქართველოს ხელისუფლების მიერ კანონის წინააღმდეგ ორგანიზებული საპროტესტო აქციების ჩახშობა.

„ამ ქმედებებზე საპასუხოდ, სახელმწიფო დეპარტამენტი ახორციელებს საქართველოსთვის სავიზო შეზღუდვის ახალ პოლიტიკას, რომელიც გავრცელდება იმ პირებზე, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ან თანამონაწილეები არიან საქართველოში დემოკრატიის შელახვაში, ასევე მათი ოჯახის წევრებზე. ეს მოიცავს პირებს, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების და მშვიდობიანი შეკრების თავისუფლების აღკვეთაზე ძალადობის ან დაშინების კამპანიის გზით“, – ნათქვამია ბლინკენის განცხადებაში.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ასევე განაცხადა, რომ იწყება “აშშ-სა და საქართველოს შორის ორმხრივი თანამშრომლობის ყოვლისმომცველი გადახედვა”.

„ვიმედოვნებთ, რომ საქართველოს ლიდერები განიხილავენ კანონპროექტს და გადადგამენ ნაბიჯებს მათი ერის დემოკრატიული და ევროატლანტიკური მისწრაფებების წინსვლისთვის. ჩვენს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გადახედვასთან ერთად, ჩვენ გავითვალისწინებთ საქართველოს ქმედებებს, საკუთარი გადაწყვეტილებების მიღებისას“, – დაასკვნა ბლინკენმა.

14 მაისს საქართველოს პარლამენტმა მესამე და საბოლოო მოსმენით მიიღო კანონი „გარე გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“, თუმცა 18 მაისს ქვეყნის პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მას ვეტო დაადო. თუმცა, საქართველოს პარლამენტი საპრეზიდენტო ვეტოს დაძლევას აპირებს.

კანონი ადგენს, რომ არასამთავრობო ორგანიზაციები და მასმედია, რომლებიც დაფინანსების 20%-ზე მეტს იღებენ საზღვარგარეთიდან, უნდა დარეგისტრირდნენ როგორც „უცხო ხელისუფლების ინტერესების გამტარებელი“. საქართველოს ხელისუფლება აცხადებს, რომ კანონი შექმნილია არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსების გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად.

საქართველოში კანონის მიღების წინააღმდეგ საქართველოს ათასობით მოქალაქე ქუჩაში გამოვიდა და აპროტესტებდა კანონის მიღებას,  რომელიც სამართალდამცავებთან შეტაკებაში გადაიზარდა.

ნახეთ მეტი
Back to top button