პოლიტიკა

“არ დაძლიოთ ვეტო” – სახალხო დამცველმა პარლამენტს მიმართა

Netgazeti.ge წერს, რომ სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი პარლამენტს მოუწოდებს, არ დაძლიოს რუსულ კანონზე პრეზიდენტის ვეტო.

ამის შესახებ ლევან იოსელიანმა იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე რუსული კანონის განხილვისას ილაპარაკა.

“ამ ფორმით ამ კანონის მიღებამ, ჩემი აზრით, უკვე მნიშვნელოვანი ზიანი მოუტანა მთლიანად პროცესს, ამიტომ დღეს შესაძლებელი არის, რომ პარლამენტმა ხვალინდელ სესიაზე უარი თქვას ამ ვეტოს დაძლევაზე. მით უმეტეს, გვაქვს ამის კარგი მაგალითები და გადაავადოს ამ ვეტოს დაძლევა. გაჩნდეს სივრცე, სადაც შეიძლება ვიფიქროთ სხვა საკანონმდებლო აქტებში შესაბამისი ცვლილებების შეტანაზე, რაც აბსოლუტურად უზრუნველყოფს იმ მიზნის მიღწევას, რომელიც ამ კანონმდებლობითა არის გათვალისწინებული.

მესმის ის დაძაბულობა, რაც ქვეყანაშია. ამ კანონს ჰყავს როგორც მომხრეები, ისე ძალიან ბევრი მოწინააღმდეგე, მაგრამ განსაკუთრებული პასუხისმგებლობა ყოველთვის გააჩნია ხელისუფლებას. ხშირად, ჩემი აზრით, უკან დახევა ეს არა სისუსტის, არამედ სიძლიერის ნიშანი შეიძლება იყოს. ამიტომ, კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ, ხვალინდელ სხდომაზე არ დაძლიოთ ვეტო, რომელიც პრეზიდენტმა დაადო ამ კანონს”, – მიმართა ლევან იოსელიანმა პარლამენტს.

სახალხო დამცველის აზრით, უცხო ქვეყნებიდან საქართველოში შემოსული თანხების გამჭვირვალობასთან დაკავშირებით მაღალი სტანდარტის დაწესება ზოგადად ლეგიტიმური მიზანია. მაგრამ ამ მიზნის მისაღწევად სხვა გზების მოფიქრება და სხვა საკანონმდებლო ცვლილებების გატარება შეიძლება, როგორიცაა უკვე არსებულ კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანა.

სახალხო დამცველი აფასებს პრეზიდენტ ზურაბიშვილის მიერ წარმოდგენილ ვეტოსაც და თვლის, რომ უკეთესი იქნებოდა, მას გაეჩინა შესაძლებლობა დისკუსიისა და შეთანხმების მიღწევისთვის.

პარლამენტმა დაიწყო რუსულ კანონზე ვეტოს დაძლევის პროცედურა.

თავდაპირველად, წესის თანახმად,  მისი განხილვა დაიწყო იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა.

კომიტეტის სხდომა 09.00 საათზე დაიწყო. პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა, გიორგი მსხილაძემ საკომიტეტო სხდომაზე პრეზიდენტის შენიშვნები წარადგინა.  მან ამ კანონს “ყველაზე მძიმე” კანონი უწოდა.

თუ კომიტეტმა ვეტოს დაძლევას მხარი დაუჭირა, სესიაზე უკვე 28 მაისს გავა.


18 მაისს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა რუსულ კანონს ვეტო დაადო. მისი თქმით, რუსული კანონი არ ექვემდებარება რაიმე სახის ცვლილებასა და გაუმჯობესებას. პრეზიდენტმა გამოაქვეყნა მოტივირებული შენიშვნები საქართველოს პარლამენტის მიერ 2024 წლის 14 მაისს მიღებულ რუსულ კანონზე.

პრეზიდენტის დასაბუთებაში ნათქვამია, რომ კანონი ზედმიწევნით იმეორებს რუსული კანონის სულისკვეთებას და ფაქტობრივად იგივეა, რაც 2023 წელს უკან გაწვეული ე.წ. აგენტების კანონი.

ვენეციის კომისიის მყარი რეკომენდაციაა, რომ კანონი არსებული ფორმით იქნას გაწვეული.

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ღიად განაცხადა, რომ კანონის ძალაში შესვლის შემთხვევაში ისინი დაუწესებენ სანქციებს კანონის მხარდამჭერ პირებსა და მათ ოჯახებს, ასევე, იმ პირებს, რომლებიც ძალადობენ კანონის მოწინააღმდეგე აქტივისტებზე.

დასავლელი პარტნიორების განცხადებით, ამ კანონის მიღება საბოლოოდ დახურავს ევროპული მომავლის კარს საქართველოსთვის, რადგან „მსგავსი კანონმდებლობის ადგილი ევროპაში არ არის“.

უკვე რამდენიმე კვირაა, რუსული კანონის წინააღმდეგ მრავალათასიანი აქციები იმართება. მსგავსი კანონი რუსეთის ხელისუფლების ხელში იქცა რეპრესიულ იარაღად, რის შედეგადაც ამჟამად რუსეთიდან გამქრალია დამოუკიდებელი მედია და სამოქალაქო ორგანიზაციები, გარდა ამისა, ის გამოიყენება ფიზიკური პირების შესაზღუდად და მათზე ზეწოლისთვის.

ნახეთ მეტი
Back to top button